მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცოტნე ჯაფარიძე: იდეა კარგია... ტურიზმის სექტორი რაღაც შვებას მაინც იგრძნობდა

5f10653abfdc3
თელარა გელანტია
16.07.20 20:00
1428
„იდეა ძალიან კარგია და სწორად ჩამოყალიბების შემთხვევაში, ტურიზმის სექტორი რაღაც შვებას მაინც იგრძნობდა“, - ასე აფასებს bm.ge-ისთან ტურისტული კომპანია Traffic Travel-ის მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე მთავრობის იმ ინიციატივას, რომელიც უცხოელებს, დისტანციურად, საქართველოდან მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობს.

ამასთან, ცოტნე ჯაფარიძეს აღნიშნულმა ინიციატივამ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის მიერ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი გაახსენა, სადაც ქეთი ბოჭორიშვილი ე.წ. „დროებითი მწვანე რეზიდენციის“ როგორც ტურისტული პროდუქტის შექმნაზე საუბრობდა.

"თუ არ ვცდები, ქეთი ბოჭორიშვილი იყო პირველი, ვისაც მსგავსი იდეა გაუჩნდა. იდეა გენიალურია, ნოვატორულია. შეიძლება ამის გამოყენება და ეკონომიკური სარგებლის მიღება, ოღონდ აუცილებლად სწორად უნდა ჩამოყალიბდეს და გაიწეროს რეგულაციები და კვოტები, რომელიც შეიძლება ქვეყნებს დაუწესდეთ. გვაქვს იმის რისკი, რომ მეზობელი ქვეყნებიდან, მაგალითად, რუსეთიდან, რომელიც ეპიდემიოლოგიური რისკების გარდა, სხვა რისკებსაც შეიცავს, საკმაოდ დიდი ნაკადი შეიძლება შემოვიდეს“, - ამბობს Traffic Travel-ის მმართველი პარტნიორი.

ცნობისთვის: ეკონომიკის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სპეციალური რეჟიმით შემოსვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადა და გათვლილია იმ უცხოელებზე, რომლებიც არიან ფრილანსერები (თვითდასაქმებულები); მუშაობენ დისტანციურად ან შეუძლიათ, საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ. შემუშავებული პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის მოქალაქის საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ 6 თვით ცხოვრების უფლება ექნება.

ინიციატივის მიხედვით, გრძელი ვადით შემოსული ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულოა სამივე კატეგორიის მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყანის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. აპლიკაციაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტაქტორის შესახებ, წინასწარი დასტურს სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის გავლის თაობაზე და სხვ. მინისტრის განცხადებით, ე.წ. გრძელვადიანი ვიზიტორები 14-დღიანი კარანტინს კომერციული ტარიფით საკუთარი ხარჯით გაივლიან, ასევე განიხილება 6 თვიანი სამოგზაურო დაზღვევის ქონაც.

ნათია თურნავას თქმით, პროექტის ფარგლებში შემუშავდა განაცხადების მიღების პლატფორმა, რომლითაც გრძელვადიანი პერიოდით საქართველოში ყოფნის მსურველებს შეეძლებათ, რომ ისარგებლონ. „ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ვიზიტორების შემოსვლას“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.