მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVAX პლატფორმის დოზების ზრდას წლის ბოლოს ველოდებით - WHO-ს ოფისი

60fdbb0a49cc4
BM.GE
25.07.21 23:19
993
საქართველოს მთავრობა 2021 წელს COVAX პლატფორმიდან კორონავირუსის ვაქცინის 1.4 მილიონი დოზის მიღებას ელოდა, თუმცა ამ დრომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმიდან მხოლოდ 250,000 დოზა არის მიღებული. საქართველოში WHO-ს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე გადაცემა "ანალიტიკასთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ვაქცინების მიწოდების რაოდენობა წლის ბოლოს უნდა გაიზარდოს. 

"მე აქტიური კონტაქტი მქონდა ყველა პასუხისმგებელ მხარესთან და ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან ადრეულ ეტაპზე დაიწყო ორმხრივი მოლაპარაკებები და ეს პროცესი კოვაქსის პარალელურად მიმდინარეობდა. არ მგონია, რომ ამ მიმართულებით მთავრობამ დრო დაკარგა. მთავრობა არასდროს ყოფილა 100%-ით დამოკიდებული კოვაქს-პლატფორმაზე. საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მხარი დაუჭირა კოვაქს-პალტფორმას და ერთ-ერთმა პირველმა გადაიხადა თავისი ვალდებულებები. თუმცა ამის პარალელურად, ორმხრივი მოლაპარაკებებიც სულ მიმდინარეობდა. კოვაქს-პლატფორმის მეშვეობით საქართველომ 250 ათასზე მეტი ვაქცინა მიიღო. ეს მოცულობა კიდევ გაიზრდება. კოვაქსი ვაქცინების რაოდენობის ზრდას წლის მეორე ნახევარში და ბოლოსკენ ელის,"- აცხადებს დომენტე.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ასევე ამბობს, რომ მისი შეფასებით, საქართველოში ვაქცინაციის ტემპით კმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. 

"არ მგონია ვინმე საქართველოში ვაქცინაციის ტემპით იყოს კმაყოფილი. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. მთავარი მიზეზი იყო ვაქცინების რაოდენობა. ვიცით, რომ საქართველო ძალიან ადრეულ ეტაპზე იყო უკვე მზად მასობრივი ვაქცინაციისთვის, მოამზადა ძალიან დეტალური ეროვნული გეგმა, გაწვრთნა ადამიანები - მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანაში ამ დრომდე საკმაოდ ცოტა ვაქცინაა შემოსული. თუმცა, იმ ვაქცინებიდან, რაც საქართველომ მიიღო, ათვისების მაჩვენებელი იყო ძალიან მაღალი - დაახლოებით 97%. ვაქცინების ნაკლებობა იყო და ამიტომ ვერ მოხერხდა მასობრივი ვაქცინაციის დაწყება.

ახლა საქართველომ დამატებით მიიღო 1 მილიონი ვაქცინა და ველოდებით, რომ რეალური მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს მიზანი, რომ სექტემბრის ბოლომდე გლობალურად მოსახლეობის სულ მცირე 10% იყოს აცრილი, 40% - დეკემბრამდე და 70% მომავალი წლის შუამდე. ეს გლობალური სამიზნეებია. საქართველო კიდევ უფრო შორს წავიდა და მიზნად დაისახა წლის ბოლომდე აცრას მოსახლეობის 60%. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მიზანს,"- აცხადებს სილვიუ დომენტე.

NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 4,274 აცრა ჩატარდა. უფრო დეტალურად, ორჯერადად აცრილია 139,289 ადამიანი, რაც საქართველოს მოსახლეობის 3.7%-ია, ხოლო ერთი დოზით კი ჯერჯერობით 263,476 ადამიანი არის აცრილი.

იმისთვის, რათა 2021 წლის ბოლომდე ორჯერადად აიცრას ზრდასრული მოსახლოების 60%, ამისთვის საჭიროა, რომ დღეში 19,000 ვაქცინაცია კეთდებოდეს.

უახლოეს დღეებში ვაქცინაციის რაოდენობა გაიზრდება, რადგანაც აშშ-ის მიერ ნაჩუქარი 500,000 დოზა Pfizer-ის ვაქცინის ათვისება იწყება.

ექსკლუზიური ინტერვიუ სილვიუ დომენტესთან: