მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVAX-პლატფორმით მომდევნო კვირაში კიდევ 31 ქვეყანას 14.4 მლნ დოზა ვაქცინას მივაწვდით - WHO

604371a4cb01a
თამთა ჯიჯავაძე
06.03.21 16:08
1007
COVAX-ის პლატფორმის ფარგლებში ჯამში 20 ქვეყანას 20 მლნ დოზა ვაქცინა მიეწოდა. მომდევნო კვირაში კი კიდევ 31 ქვეყანას 14.4 მლნ დოზა ვაქცინას მივაწვდით. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მომავალ კვირას უკვე 51-მდე გაიზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც COVAX-ის პლატფორმით ვაქცინები ექნებათ მიწოდებული, მაინც მცირეა ვაქცინების დისტრიბუციის მოცულობა.

„ჩვენ რამდენიმე დაბრკოლებას ვაწყდებით ვაქცინების წარმოების დაჩქარების პროცესში, ასევე ექსპორტის შეზღუდვის თუ ნედლი მასალების დეფიციტის კუთხით, მათ შორის მინის, პლასტიკისა და ბოთლის საცობების კუთხით“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, WHO ოთხ სტრატეგიაზე მუშაობს.

„პირველი და ყველაზე მოკლევადიანი მიდგომაა ვაქცინების მწარმოებელი კომპანიების დაკავშირება სხვა კომპანიებთან, რომლებსაც შეუძლიათ ვაქცინების ბოთლების შევსება და პროცესის დასრულება. ამან შესაძლოა დააჩქაროს წარმოების პროცესი და გაზარდოს მოცულობა, მაგალითად, Johnson & Johnson-ის და Merck-ის შეთანხმების მიხედვით, Merck-ი დაასრულებს J&J-ის ვაქცინის ჩამოსხმას და დისტრიბუციისთვის გამზადებას..

მეორე მიდგომაა ორმხრივი ტექნოლოგიების ტრანსფერი, ანუ ვაქცინის პატენტის მფლობელი კომპანიის მიერ ლიცენზიის გადაცემა იმ კომპანიისთვის, რომელსაც მისი წარმოება შეუძლია. ამის კარგი მაგალითია AstraZeneca-ს მიდგომა, რომელმაც ვაქცინის წარმოების ტექნოლოგია სამხრეთ კორეაში SKBio-ს, ხოლო ინდოეთში - Serum Institute-ს მიაწოდა. ახლა ეს ორი აწარმოებს AstraZeneca-ს ვაქცინას COVAX-ისთვის. ამ მიდგომის მთავარი ნაკლოვანება არის გამჭვირვალობის ნაკლებობა.

და მესამე მიდგომაა კოორდინირებული ტექნოლოგიების ტრანსფერი. აქ ჩართული იქნებიან უნივერსიტეტები, მწარმოებლები, რომლებიც თავიანთი ვაქცინის ლიცენზიას გადასცემენ სხვა კომპანიებს WHO-ს გლობალური მექანიზმის კოორდინაციით. ისინი ასევე უზრუნველყოფენ მიმღები კომპანიების თანამშრომელთა დატრენინგებას და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების კოორდინირებას“, - განაცხადა WHO-ს ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, კოვიდ-ვაქცინების დეფიციტის წინაშე არამხოლოდ განვითარებადი და ღარიბი, არამედ განვითარებული ქვეყნებიც დგანან.

COVAX-ის პლატფორმით ვაქცინის პირველი პარტია თავდაპირველად მიიღო განამ და კოტ-დივუარმა. ამას დაემატა ანგოლა, კამბოჯა, კოლუმბია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გამბია, ინდოეთი, კენია, ლესოტო, მალავი, მალი, მოლდოვა, ნიგერია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, რუანდა, სენეგალი, სუდანი და უგანდა.