მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (5-10 ოქტომბერი, 2020)

5f82ee12a38bc
ირაკლი მაკალათია
11.10.20 16:30
1753
გთავაზობთ მიმდინარე კვირის (5-10 ოქტომბერი 2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. 2019 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 129.5 ლარამდე გაიზარდა;
2. მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი;
3. ანაკლიის პროქტის პერსპექტივები 2021 წელს;
4. საქართველოს მთავრობამ უცხოური კომპანიებისთვის “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსის მიღების დადგენილება დაამტკიცა;
5. 2019 წელი საპარტნიორო ფონდმა 71 მლნ ლარის მოგებით დაასრულა;
6. საქართველომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევისთვის ოფიციალურად წარადგინა;
7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვები დაიწყო;
8. ტურიზმის დარგის პრობლემები - რას ითხოვენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები;
9. ქონების ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის შედეგები;
10. “აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის გრანტებზე განაცხადების მიღება იწყება.


1. 2019 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 129.5 ლარამდე გაიზარდა

2019 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა. საქმიანობების სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 030.2 ლარი; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 896.0 ლარი და მშენებლობა - 1 631.1 ლარი. ქალების საშუალო თვიური ხელფასი 869.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 361.8 ლარით განისაზღვრა. ამასთან 2019 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 237.4 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი (1350 ლარი) და აჭარა (952,9 ლარი).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3lKTjAn ; https://bit.ly/3jMqkLS  

2. მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

მსოფლიო ბანკის ახალი საპროგნოზო შეფასებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, COVID-19-ის კრიზისით გამოწვეული უმუშევრობის შედეგად, ქვეყნის 160 000 მოქალაქე, შესაძლოა სიღარიბეში აღმოჩნდეს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რისკი მართლაც არსებობს, მაგრამ შეფასებაში წერია, რომ შემოსავალი, შესაძლოა, შეუმცირდეს ადამიანებს. მისივე თქმით, ასევე, ეს სცენარი "ვერ და არ განხორციელდება, რადგან მთავრობას აქვს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, როგორც - პირველი ტალღის დროს“.

ვრვლად თემაზე: https://bit.ly/2SJv4pt ; https://bit.ly/2Fp8EXK ; https://bit.ly/3lzevcd

3. ანაკლიის პროქტის პერსპექტივები 2021 წელს

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონ ლარს ჩადებს, ხოლო ჯამში 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. ბიუჯეტის პროექტის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ "ანაკლიის კონსორციუმთან" საარბიტრაჟო დავის გამო მთავრობა მაღალ რისკის დონედ აფასებს ტენდერის წარმატებას. ამავე დროს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის წარმატებას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როცა მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავები, ტენდერში არც ერთი სანდო ინვესტორი არ მიიღებს მონაწილეობას.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3diyBor ; https://bit.ly/2SHIGlh ; https://bit.ly/3jKaMYV

4. საქართველოს მთავრობამ უცხოური კომპანიებისთვის "საერთაშორისო კომპანიის" სტატუსის მიღების დადგენილება დაამტკიცა

მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მიიღონ ქვეყანაში მოქმედმა უცხოურმა კომპანიებმა “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსი. აღნიშნული სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგების 15%-ის და საშემოსავლო გადასახადის 20%-ის ნაცვლად, გადასახადები შემცირდება 5%-მდე. შეღავათების მოთხოვნის შესაძლებლობა ძირითადად IT და საზღვაო გადაზიდვების სფეროში ჩართულ კომპანიებს შეეძლებათ. BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში IT კომპანია „სინტაქსის“ დირექტორმა სალომე მახარაძემ აღნიშნული დადგენილების რისკებზე ისაუბრა და 2 ძირითად ფაქტორს გაუსვა ხაზი: საერთაშორისო კომპანიად დარეგისტრირებას პირველ რიგში სჭირდება 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, რის გამოც შეღავათით ვერ ისარგებლებენ ახალი კომპანიები, ხოლო არარეზიდენტი კომპანიების შემოსვლა ადგილობრივი კომპანიებისთვის დამატებით კონკურენციას ნიშნავს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2GZsGbt  

5. 2019 წელი საპარტნიორო ფონდმა 71 მლნ ლარის მოგებით დაასრულა

„საპარტნიორო ფონდმა” 2019 წელი 71 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, მოგება ფონდის საკუთარებაში არსებული მსხვილი სახელმწიფო კომპანიების ჯამური შემოსავლების ზრდამ განაპირობა. კერძოდ: ნავთობის და გაზის კორპორაცია - 915 მილიონი ლარის შემოსავალი (ზრდა 33%), ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი - 570 მილიონი ლარის შემოსავალი (ზრდა 7%); საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 257 მილიონი ლარის შემოსავალი (ზრდა 5%); საქართველოს რკინიგზა - 519 მილიონი ლარის შემოსავალი (ზრდა 13). ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით კი, “მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, ფონდი ფისკალური რისკების წყაროს წარმოადგენს.” “Forbes კვირაში” სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე საუბრისას ნათია თურნავამ განაცხადა, რომ იგეგმება საპარტნიორო ფონდის კორპორატიზაცია და აუცილებელია აღნიშნული მექანიზმის რეფორმირება მოხდეს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jOkY2J ; https://bit.ly/2GRWpDt  

6. საქართველომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევისთვის ოფიციალურად წარადგინა

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შემდგომი არჩევნები 2021 წლის 19 იანვარს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება, საქართველომ კი ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევისთვის უკვე ოფიციალურად წარადგინა. მიმდინარე წლის სექტემბერში, ზურაბ პოლოლიკაშვილის ხელმძღვანელობით თბილისში UNWTO-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა "თბილისის დეკლარაცია" დაამტკიცეს. UNWTO-ს შეფასებით საქართველოსთვის ტურიზმი მთლიანი შიდა პროდუქტის 8.1%-ს ქმნის, შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ბათუმი კი უცხოური ინვესტიციების მიმზიდველობით საერთაშორისო ტურიზმის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად იქცა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2Fka8T5; https://bit.ly/2SMkxd7

7. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვები დაიწყო

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის მიხედვით, მთავრობა 2021 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ხარჯების ნაწილი მომდევნო წელს 1,1 მილიარდი ლარით გაიზრდება და 17.07 მილიარდი ლარს მიაღწევს, ხოლო 2021 წელს მთავრობა 2.2 მილიარდი ლარის ახალ საგარეო ვალს აიღებს და 2.6 მილიარდი ლარის ვალს მოემსახურება. ამასთან ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა არბიტრაჟებსა და საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავებში იურიდიული მომსახურებისთვის 18 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, ეს დავებია: აზერბაიჯანულ საინვესტიციო ჰოლდინგ NEQSOL-თან, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ამავე კონსორციუმის ერთ-ერთ ინვესტორთან ბობ მეიერთან.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/33Oy2j6 ; https://bit.ly/3k1jJNq ; https://bit.ly/3nFNC8w  

8. ტურიზმის დარგის პრობლემები - რას ითხოვენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია გამართეს, აქციაზე ტურისტული კომპანიების გარდა, გიდები, სატრანსპორტო კომპანიები, ივენთ მენეჯერები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნაა ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნებთან საზღვრების გახსნა, ფრენების აღდგენა და შესაბამისი ფრენების განრიგის გამოქვეყნება. ასევე, აქციის ორგანიზატორები სარჩელს ამზადებენ, რომელიც ორ საკითხს მოიცავს. პირველი, მთავრობის გადაწყვეტილებების გამო შემოსავლების და სამსახურის გარეშე დარჩნენ, ხოლო მეორე, საპროტესტო აქციის გაგრძელების შემდეგ, როცა კარავი დადგეს სამართალდამცავებმა იძულებით აიღეს მათი კარავი.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/36T8jaR ; https://bit.ly/3jKjbeS  

9. ქონების ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის შედეგები

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაცია დასრულდა, შედეგად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაერთიანდა. გაერთიანებული სსიპ-ის სახელი უცვლელი დარჩა და ერთიან სსიპ-ს ისევ „სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” ჰქვია. რაც მთავარია, რეორგანიზაციის შედეგად საბიუჯეტო სახსრები არ დაზოგილა, ის უცვლელი დარჩა და ჯამში გამსხვილებული სსიპ-ის ბიუჯეტი 34.7 მლნ ლარს შეადგენს. დასაქმებულთა მხრივ, უცვლელი დარჩა შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვი, ხოლო შტატზე მყოფი დასაქმებულების რაოდენობა მხოლოდ 10-ით შემცირდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3iIFFM4

10. „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის გრანტებზე განაცხადების მიღება დაიწყო

5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება იწყება. პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარია, ხოლო საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. ასევე პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს თბილისიც დაემატა. პროგრამის პრიორიტეტებია: ა) ინტელექტუალურ სერვისზე ორიენტირებული პროექტები; ბ) განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტი; გ) მაღალი ინკლუზიურობის მქონე სექტორებზე ორიენტირებული პროექტები; დ) ახალი ბიზნესის წამოწყება; ე) ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; ვ) სოფლად/მაღალმთიან სოფელში ბიზნესის დაწყება/გაფართოება; ზ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3nFvLi0