მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ის აცრის ყალბი ბარათების გაცემის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

624bde0eb30cc
ვიქტორია მღებრიშვილი
05.04.22 10:12
1029
COVID-19 აცრის ყალბი ბარათების გაცემის ფაქტზე 2 პირი დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექთანმა, რომელიც თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ახდენდა მოქალაქეთა კოვიდ-ვაქცინაციას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, მოქალაქეს გამოართვა 150 ლარი, რის სანაცვლოდაც, აცრის შესაბამისი პროცედურის განხორციელების გარეშე, დაამზადა COVID-19 აცრის ყალბი ბარათი, თითქოსდა მოქალაქე აცრილ იქნა Pfizer-ის ვაქცინით.

ამავდროულად, ბრალდებულებმა, აღნიშნული ყალბი ბარათის საფუძველზე, მოქალაქე დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ბაზაში, როგორც ვაქცინირებული პირი“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.