მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების მოთხოვნა მგზავრებს იანვრიდან შეეძლებათ

5fd88bd73e044
BM.GE
15.12.20 14:30
881
მგზავრებს, რომელთა ფრენა COVID-19-ის პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების გამო გაუქმდა უფლება აქვთ ბილეთის საფასურის ანაზღაურება 2021 წლის 1 იანვრიდან მოითხოვონ. აღნიშნულს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის №76 ბრძანება ითვალისწინებს.

აქამდე არსებული რეგულაციებით (2020 წლის 17 აპრილის N76 ბრძანება – „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“) ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ ჰქონდათ, რაც თავის მხრივ, COVID-19-ის პანდემიის გამო მიღებული გადაწყვეტილება იყო.

თუმცა, ვინაიდან ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, რამდენჯერმე მოხდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის გადავადება, მგზავრთა ინტერესების გათვალისწინებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) ჩამკეტი ვადა განსაზღვრა, რომლის გასვლის შემდეგაც ავიაკომპანიებს წარმოეშვებათ ვალდებულება მგზავრის მიერ გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება მოახდინონ.

“შესაბამისად, მგზავრს, რომლის ფრენაც გაუქმდა COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს და შესაბამისი უცხო ქვეყნის (ქვეყნების) მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, უფლება აქვს ავიაგადამზიდველისაგან მოითხოვოს გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება, 2021 წლის 1 იანვრიდან.

აღნიშნული პირობები ვრცელდება მგზავრებზე, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ ფრენა საქართველოდან საქართველოში, აგრეთვე საქართველოდან სხვა ქვეყანაში ქართული ან უცხოური ავიაკომპანიის მეშვეობით, ასევე მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებდნენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში, ქართული ავიაკომპანიის მეშვეობით. მგზავრები, რომელთაც უნდა განეხორციელებინათ ფრენა სხვა ქვეყნიდან საქართველოში უცხოური ავიაკომპანიის მეშვეობით, უნდა გაეცნონ გადამყვანი ავიაკომპანიის და მისი ქვეყნის რეგულაციებს გაუქმებული რეისის ბილეთის საფასურის ანაზღაურების პირობებთან და ვადებთან დაკავშირებით”, - განუცხადეს AviaNews-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ცნობისათვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მიღებული დროებითი ღონისძიებები არ უკრძალავს ავიაკომპანიებს მოახდინონ COVID-19-ის გამო გაუქმებული ფრენის ბილეთის საფასურის ანაზღაურება 2020 წლის 1 იანვრამდე.

წყარო: avianews.ge