მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ის გავლენა ეკონომიკაზე და ადგილობრივი ექსპორტის ტენდენციები

607e997d37417
BM.GE
20.04.21 13:00
1405
ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) გლობალური პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, წინასწარი მონაცემებით 2020 წელს გლობალური ეკონომიკა 4.3%-ით შემცირდა.

საერთაშორისო ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია Kudos Georgia-ს პარტნიორ ირაკლი ჟვანიას შეფასებით, აღნიშნულ პირობებში ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ექსპორტის ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება ეკონომიკური მდგრადობის, მათ შორის ვალუტის კურსის სტაბილიზაციის უზრუნველყოფაში.

როგორი გავლენა მოახდინა COVID-19-მა ქვეყნის ეკონომიკაზე?

პანდემიის შეკავების მიზნით გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად იქცა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე. საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე ტურიზმის, საცალო ვაჭრობისა და მომსახურების სექტორის მკვეთრმა შემცირებამ არსებითი გავლენა მოახდინა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე - შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.2%-ით შემცირდა.

როგორ შეცვალა COVID-19-მა ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებლები 2020 წელს?

2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3,342.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 12%-ით ნაკლებია, თუმცა მიუხედავად საქონლის ექსპორტის კლებისა, არ შემცირებულა ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) წილი, რომელიც 3.5%-ით გაიზარდა და 2,406.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

როგორია ექსპორტის დინამიკა 2021 წელს?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 820.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელი 5,2 %-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.

აღსანიშნავია, რომ ასევე გაიზარდა ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) წილი მთლიან ექსპორტში (2020 წელთან შედარებით 13.6%-ით გაზარდა) და წინასწარი მონაცემებით $ 606.9 მილიონს შეადგენს.

ძირითადი საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში ლიდერობენ ჩინეთი ($ 103.5 მლნ), რუსეთი ($ 100.0 მლნ) და თურქეთი ($ 71.4 მლნ). აღნიშნულ ქვეყნებში ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებში ექსპორტის წილი კვლავ მზარდია. ასევე დადებითი დინამიკა ნარჩუნდება ტრადიციული და მეზობელი ქვეყნების ბაზრების კუთხით (სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა).

უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პროდუქტების ჩამონათვალში პირველ სამ პოზიციაზე მთლიანი ექსპორტის 47.2% (შესაბამისად $ 286.2 მლნ) მოდის შემდეგი სასაქონლო ტიპებით:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები: 26.2% (0.8%-იანი შემცირება 2021 წელთან შედარებით);
2. ფეროშენადნობები: 13.8% (44.1%-იანი ზრდა 2021 წელთან შედარებით);
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები: 26,2% (1.0%-იანი შემცირება 2021 წელთან შედარებით).

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდის დადებითი მაჩვენებლები არის ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა:

• მინერალური და მტკნარი წყლები: 11.1%-იანი ზრდა;
• თხილი და სხვა კაკალი: 107% -იანი ზრდა;
• ტრიკოტაჟის ნაწარმი: 35.3% -იანი ზრდა.
(NS)