მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ის გავლენა ქართულ ბიზნესზე და რეკომენდაციები მთავრობას - EBA-ს კვლევა

5e7a2f20d4a5a
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.20 23:55
5882
ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ (EBA) ქართულ ბიზნეს გარემოზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად წევრ კომპანიებში კვლევა აწარმოა.

როგორც BM.GE-ის ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში განუმარტეს, კვლევა ასოციაციის წევრების გამოწვევების ზუსტი იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი გადაწყვეტის გზების მოძიების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიზნით ჩატარდა.

BM.GE ევროპული ბიზნეს ასოციაციის კვლევის შედეგებს, მიგნებებსა და რეკომენდაციებს უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც კვლევამ აჩვენა, გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ მათ ბიზნესზე COVID 19-ისა და შესაბამისი საკონტროლო და პრევენციული ზომების გავლენა არის მაღალი, ხოლო გამოკითხულთა 33%-ის ვარაუდით, აღნიშნულის გამო მათი კომპანიის შემოსავლები (2020 წლის პირველ ნახევარში) 20%-ზე მეტით შემცირდება. თუმცა ,ასევე მაღალია იმ კომპანიების წილი, რომლებიც აფიქსირებენ, რომ არ იციან ან ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა გავლენა ექნება კრიზისს მათ ბიზნესზე. ბიზნესების უმეტესობა ვერ თანხმდება თუ ზუსტად რა დრო დასჭირდება აღნიშნული კრიზისიდან გამოსვლას. ეს სრულებითაც არ არის გასაკვირი, რადგან ჯერ ერთი, რომ კრიზისი თავის სრულ ფაზაში ჯერ არ შესულა და მეორეც, რომ ასეთი გლობალური სახის ინტეგრირებული კრიზისი პირველია ქართული ბიზნესის ისტორიაში და მათ კორპორატიულ გამოცდილებას მსგავსი შემთხვევა არ ახსოვს.

ამასთან, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, თავის მხრივ, მონაწილეობა მიიღონ COVID-19-თან ბრძოლაში, რაც გამოიხატება შემდეგი ღონისძიებების განხორციელებაში: შეთავაზებულია დისტანციური მუშაობა და მოქნილი სამუშაო საათები თანამშრომლებისთვის, უზრუნველყოფილია სამედიცინო აღჭურვილობა, ლოგისტიკური მხარდაჭერა, ნიღბების ტარება, ბიზნესის მგრძნობიარე სეგმენტის დახურვა. ასევე, საკუთარი მომსახურების შეთავაზება საჭიროებისამებრ და ბიზნეს რჩევის გაცემა.

არაერთგვაროვანი პასუხები დაფიქსირდა შეკითხვაზე, თუ რა სახის მხარდაჭერას ისურვებდნენ კომპანიები საქართველოს მთავრობისგან, მათ ორგანიზაციაზე COVID-19-ის გავლენის შესასუსტებლად. კერძოდ, კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიების ვარაუდით, ისინი შეძლებენ ბიზნესის უწყვეტობის შენარჩუნებას, თუ მთავრობის მხრიდან განხორციელდება ისეთი მხარდამჭერი ქმედებები, როგორებიცაა: საგადასახადო შეღავათები 2020 წლის ბოლომდე - 34%, ბიზნესის ფინანსური სტიმულირება სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით - 25%, საგრანტო სტიმულირება კომპანიის შემდგომი განვითარების - 17%, მოკლევადიანი სესხების პროგრამა - 7%, სუბსიდირება და შეღავათები იმპორტიორი/ექსპორტიორი კომპანიებისთვის - 5%.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ:

ა) პირველ რიგში, მთავრობამ ყველაფერი გააკეთოს, რომ კრიზისის განვითარების, პიკში მიღწევის და მისგან გამოსვლის ეტაპები გახდეს მაქსიმალურად განჭვრეტადი. საქმეს ართულებს ის, რომ მიმდინარე ეპიდემია და ასევე ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ პიკიდან შორს არის და მისი პროგნოზირებისთვის ცოტა რამ კეთდება. აღნიშნული დაეხმარება ბიზნესს, რომ უკეთ მოახდინოს პრიორიტეტების და საკუთარი რესურსების გადალაგება. ბიზნესი არის ჭკვიანი და უკეთესი განჭვრეტადობის პირობებში საკმაოდ ოპტიმალურად შეუძლია საკუთარი საჭიროებების დანახვა.

ბ) სწრაფად მოხდეს ერთიანი ინტეგრირებული დახმარების პაკეტის შემუშავება, ცალ-ცალკე - კრიზისის მიმდინარეობის, მისი პიკის და პიდან გამოსვლის ეტაპებისთვის. მსგავსი ორმაგი შოკის პირობებში ეკონომიკაში (მოთხოვნის და მიწოდების შესაძლო შემცირება), რასაც თან ერთვის სავალუტო კრიზისი, მხოლოდ ერთი სახის ინტერვენცია ვერ იქნება საკმარისად ეფექტური. აღნიშნული უნდა ითვალისწინებდეს სექტორების სპეციფიკას, კრიზისის მიერ სექტორებზე გავლენის ხარისხს და რიგითობას და ასევე უნდა მოიცავდეს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ზომებს (მაგ. ფისკალური, საკრედიტო, პირდაპირი სუბსიდირების, ტექნიკური და ა.შ.).

გ) და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის შიგნით ღირებულების შექმნის პროცესი მხოლოდ გარდაუვალი საჭიროების შემთხვევაში შეიზღუდოს. ეკონომიკური თვალსაზრისით, უფრო მიზანშეწონილია, რომ გაიზარდოს საწარმოების კონტროლის ხარისხი და აღნიშნულ კონტროლთან დაკავშირებული ხარჯები, ვიდრე, პრევენციის მიზნით, მოხდეს საწარმოების საქმიანობის შეჩერება, რომელიც გამოიწვევს ღირებულების და დოვლათის შექმნის პროცესის პარალიზებას, დასაქმებულთა დათხოვნას და შემოსავლების დაკარგვას ეკონომიკაში. აღნიშნული კუთხით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები საკმაოდ თანმიმდევრულია.

აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რათა პირველ რიგში, თავიდან არიდებულ იქნას კადრების მნიშვნელოვანი დათხოვნა, ბიზნესის დაკეტვა და ბაზრიდან გასვლა, ხოლო კრიზისის შემდეგ, მოხდეს სწრაფი გადასვლა ზრდის ეტაპზე“, - ნათქვამია EBA-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში.

აღსანიშნავია, რომ კვლევა EBA-მ TBSC Consulting-თან ერთად 2020 წლის 16-22 მარტის პერიოდში აწარმოა, მოხდა სწრაფი რეაგირების რეჟიმში, წევრი კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მოკლე ონლაინ გამოკითხვა.