მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ის მიუხედავად, საქართველოს პორტებისა და რკინიგზის დატვირთვა გაზრდილია

5edd5b4c16e77
შოთა ტყეშელაშვილი
08.06.20 09:55
2266
საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მოცულობა გაზრდილია, ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, იანვარ-აპრილის პერიოდში ქვეყანაში ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 12.2 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლებს 2.5%-ით აღემატება. 

2020 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს უმსხვილესი პორტის - ფოთის პორტის ტვირთბრუნვამ 2.7 მილიონი ტონა შეადგინა, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით უცვლელია. სხვა პორტებში არსებული დატვირთვის მოცულობა კი გაზრდილია. ჯამურად, ყველა პორტში დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 185.6 ათასს შეადგენდა, ამ მხრივაც ზრდა 1.8%-ია.

  • ფოთის პორტი - 2.7 მილიონი ტონა, ცვლილება 0%; 
  • ყულევის ტერმინალი - 0.6 მილიონი ტონა, ზრდა 50%;
  • ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 1.1 მილიონი ტონა, ზრდა 10%;
  • სუფსის საზღვაო ტერმინალი - 1.5 მილიონი ტონა, ზრდა 25%.


რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, მის მიერ გადაზიდული ტვირთების ჯამური ოდენობა 3.6 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 5.8%-ით მეტია. 

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვის ზრდის მიუხედავად, 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანია მაინც სოლიდურ ზარალზეა. 

კომპანიის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, იანვარ-მარტის განმავლობაში ჯგუფის კონსოლიდირებული შემოსავლები მართალია 23.7%-ით იყო გაზრდილი და 122 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ამაზე ბევრად მეტად გაიზარდა რკინიგზის ხარჯები, რის გამოც კომპანიამ წლის პირველი კვარტალი 163.5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. 

"საქართველოს რკინიგზის" ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ხარჯების ზრდის მთავარი წყარო კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული ზარალი იყო. პერიოდის განმავლობაში კომპანიამ კურსთაშორისი სხვაობიდან გამომდინარე 188.9 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. შესაბამისად, ეს თანხა, საოპერაციო მოგებამ ვეღარ დააბალანსა და ფინანსურ შედეგებში 163-მილიონიანი ზარალი აისახა.