მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid 19-ის პერიოდში დაარსებული ბიზნესები საქართველოში - Carpe Diem

5f5e290107b19
მადონა გასანოვა
13.09.20 22:00
2194
2020 წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოში 25,073 ბიზნესის რეგისტრაცია მოხდა. აღნიშნული მაჩვენებელი 8,278 ერთეულით, ანუ 25%–ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიდრე პანდემიის გამო მოქმედ ბიზნესებს მუშაობა სრულად შეჩერებული ჰქონდათ, ბაზრის ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ, რომლებმაც კოვიდ–კრიზისი არა დაბრკოლებად, არამედ შესაძლებლობად აქციეს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4,308 ერთეულით, მიმდინარე წლის ივნისი აღმოჩნდა ყველაზე აქტიური რეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობით. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის ივნისის მონაცემებსაც აჭარბებს, როდესაც ახლადრეგისტრირებულლი ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 3,899 ერთეული შეადგინა. პანდემიის პიკში ანტირეკორდი 2020 წლის აპრილს უკავშირდება. ამ დროს მხოლოდ 308 ბიზნესის რეგისტრაცია მოხდა.
Bm.ge გაგაცნობთ პანდემიის დროს დაარსებულ რამდენიმე კომპანიას, რომელთა დამფუძნებელების ძირითადი დევიზი და რჩევაა: „Carpe Diem” და „კრიზისში ახალი შესაძლებლობები დაინახეთ“.

REDAgency–ი - უძრავი ქონების მარკეტინგული კომპანია

საქართველოში პანდემიის დროს დაფუძნებული REDAgency–ი სამშენებლო კომპანიებს მათი პროდუქციის რეკლამირებაში ეხმარება.

„საქართველოში 2019 წლის გაზაფხულზე გადმოვედი მეუღლესთან ერთად. დიდხანს ვსწავლობდით საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. ბევრი შესაძლებლობა ვნახეთ საქართველოში ბიზნესის დასაწყებად. საქართველოში, ერთი წლის მანძილზე ყოფნისას, ნათლად გავაცნობიერეთ, თუ რომელ სფეროში და რა მეთოდებით შეიძლება წარმატების მიღწევა,“ - განაცხადა ანტონ ტიუნოვმა, REDAgency–ის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა.

2019 წლის განმავლობაში საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის შესწავლამ, იმის გაანალიზებამ, თუ ვინ და რატომ ყიდულობს უძრავ ქონებას, ქართული სამშენებლო კომპანიების გაცნობამ, ტიუნოვსა და მის პარტნიორებს ნათლად დაანახა, სამშენებლო სექტორის სერვისში და მის მარკეტინგში არსებული ხარვეზები, მყიდველის მოზიდვის კუთხით, მითუმეტეს, ასეთ რთულ პერიოდში. „ჩვენ ზუსტად ვიცოდით, თუ როგორ შეგვერწყა, მარკეტინგის ყველაზე მოწინავე ხერხები, უძრავ ქონებაში ჩვენი გამოცდილებისთვის. წარმატება გარადაუვალი იყო“.

ტიუნოვის განმარტებით, პანდემიის ერთ–ერთი გამოწვევა, ბიზნეს–საქმიანობის დისტანციურად შეთავაზების კუთხით, მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რადგან ეს მათი ყოველდღიურობაა. „აქედან გამომდინარე, ჩვენი ბიზნესის განვითარების კარგ პერსპექტივას ვხედავთ,“- აღნიშნა ტიუნოვმა.

„მე-ნიშნე“ – სპეციფიკური კონცეფციის მქონე წიგნის სანიშნები

პანდემიის დროს სახლში გამოკეტილი 26 წლის მარიამ გზირიშვილისთვის ორი დეტალი გამოიკვეთა, რომელთაგან ერთ–ერთი საკუთარ ბიზნეს–იდეად აქცია. „პირველი: ადამიანები მასობრივად დაინტერესდნენ კულინარიით და მეორე: დაიწყეს წიგნების იმაზე დიდი რაოდენობით კითხვა, ვიდრე მანამდე“. ბოლონიის უნივერსიტეტის ბიზნეს–სკოლის სტუდენტმა მარიამმა, რომელიც იტალიაში, სწავლასთან ერთად, ხელნაკეთი აქსესუარების წარმოებით არის დაკავებული და მეგობრის დახმარებით წიგნის სანიშნის სპეციფიკური კონცეფცია ჩამოაყალიბა, გადაწყვიტა აღნიშნული ბიზნესი საქართველოში გადმოეტანა.

„ჩემი ნაწარმით წიგნის მაღაზიები ძალიან აქტიურად ინტერესდებიან. შესაბამისად, ვფიქრობ, გარკვეულწილად მომგებიანი იქნება. გასაყიდი ფასი სამიზნე სეგმენტისათვის მისაღებია. ამასთან, წარმოების მასალის ღირებულება მინიმალაურია და რისკებიც ფაქტობრივად არ არსებობდა,“ აღნიშნავს გზირიშვილი, „მე-ნიშნე“–ს დამფუძნებელი.

GeoEngVision – საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტა

კომპანია GeoEngVision ტექნოლოგიის სფეროში მოღვაწეობს. კომპანიას ჰყავს ელექტრო და ფიზიკოს–ინჟინრებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც მზად არის, საინჟინრო ამოცანები გადაწყვიტოს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონის კომპანიებისთვის. „კომპანიის დაფუძნების იდეისკენ მიბიძგა იმ ფაქტმა, რომ ჩემი სანაცნობო წრის ფარგლებში გაჩნდა გარკვეული ტიპის მოთხოვნა, საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტაზე. გადავწყვიტე, ჩამომეყალიბებინა პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ამ ამოცანებს შეეჭიდებოდა,“ განაცხადა ლედი საგრიშვილმა, GeoEngVision–ის დამფუძნებელმა.

British Language Centre

„როგორც გვახსოვს, 6 თვე ფაქტობრივად პარალიზებული ვიყავით და სრულად ონლაინ პლატფორმაზე გადავეწყვეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში რისკიც საჭიროა,“ - ამბობს ნანო გვარამია, რომელმაც პანდემიის დროს British Language Centre–ს დაფუძნება გადაწყვიტა. ცენტრში დასაქმებულია 3 მასწავლებელი. გვარამიას მიერ დაფუძნებული ენების ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და მასში დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა და სტანდარტი.

“ინვესტიციაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი ჩავდე, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად გამომივა და გავამართლებ იმედებს, ჩემს თავთან და ჩემს ახლობლებთან. მჯერა, დიდი პროგრესით წავალთ წინ, ხარისხიან განათლებას მივცემთ საზოგადოებას და აუცილებლად გავხსნით ფილიალებს,“ ამბობს გვარამია.

Conrad Capital Georgia – ინვესტირების შესაძლებლობა დიდი ბრიტანეთის უძრავ ქონებაში

Conrad Capital Georgia, საქართველოში და კავკასიის რეგიონში მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ინვესტიცია ისეთ დაბალრისკიან აქტივში გააკეთონ, როგორიც დიდ ბრიტანეთში არსებული უძრავი ქონებაა. კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი საინვესტიციო ქონების შეთავაზებას, ინვესტიციის განთავსებას, სრულ იურიდიულ უზრუნველყოფას, მათ ნაწილობრივ ფინანსირებას და ინვესტიციის დაცვას.

„კოვიდი, სავარაუდოდ, ჩვენი ცხოვრების ნაწილი იქნება უახლოეს მომავალში. Carpe Diem! (იცხოვრე აწმყოში!). რთულ ვითარებაში ყოველთვის არის შესაძლებლობა და დღესდღეობით, უზარმაზარი შესაძლებლობები არსებობს, რაც ჭეშმარიტმა მეწარმეებმა უკვე იციან,“ -ამბობს ჯონ კლიფორდი, Conrad Capital-ის მმართველი ხელმძღვანელი, რომელმაც Conrad Capital-ის ფილიალი დააფუძნა საქართველოში და საქართველოს შემდეგ, 2020 წლის მესამე კვარტლიდან, კომპანიის გაფართოებას გეგმავს პოლონეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში.

„გათვალეთ, მოიფიქრეთ, იკრეატიულეთ და 2–3–5–10 წლის პერსპექტივაში გააკეთეთ პროგნოზები. რაც მთავარია – სცადეთ! თუკი თქვენს იდეაში, თქვენს ბიზნესში დარწმუნებულები ხართ – მიჰყევით მას!“ – ამბობს ანტონ ტიუნოვი, REDAgency–ი, რომელიც დასძენს: „თუ თქვენი იდეა მართლაც ფეხს უწყობს დროს, კრიზისი არათუ პრობლემაა, არამედ შესაძლებლობა“.