მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19-მა $86 მილიონიანი Autograph Collection-ის და გოლფ კლუბის გახსნის თარიღიც შეცვალა

5f731ac8612ee
ვიქტორია მღებრიშვილი
29.09.20 17:00
2956
თაბორის მთაზე მშენებარე სასტუმრო „Autograph Collection”-ისა და გოლფ კლუბის გახსნის თარიღმა 2022 წლამდე გადაიწია. აღნიშნული პროექტი „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. თაბორის კომპლექსის საინვესტიციო ღირებულება 86 მლნ დოლარია და მისი ინვესტორი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის შვილობილი ტურიზმის განვითარების ფონდია. 

პროექტის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს, რომლის ვებგვერდზეც განხორციელების ვადად 2017 წ - 2021 წლის თებერვალია მითითებული, თუმცა როგორც BMG-ის ტურიზმის განვითარების ფონდში განუცხადეს, თაბორის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა პანდემიის გავლენით ტურიზმის სექტორში შექმნილი მდგომარეობის გამო შენელდა და მისი დასრულების თარიღმა 2022 წლის პირველ კვარტლამდე გადაიწია.

„პანდემიის პერიოდში, სამშენებლო სამუშაოები, უსაფრთხოების წესების და კანონის მოთხოვნის სრული დაცვით, მინიმალური შეფერხებებით, მიმდინარეობდა, რაც საზღვარგარეთიდან სარემონტო მასალების მოწოდების შეფერხებით იყო განპირობებული. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საერთაშორისო ტურიზმი დაკეტილია და მოთხოვნა ბაზარზე არ არის, სასტუმროს მშენებლობის სწრაფ ტემპში დასრულებას აზრი არ ჰქონდა. სასტუმროს გახსნა ნიშნავს კადრების აყვანას, საბრუნავი საშუალებების შეძენას და ა.შ. რაც 6 თვით ადრე ხორციელდება. ამიტომ სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება და ავიარეისები არ აღდგება, ამ პროცესის დაწყება ჩვენი მხრიდან სწორი არ იქნება“, - განმარტავენ ტურიზმის განვითარების ფონდში.

როგორც BM.GE-ის ტურიზმის განვითარების ფონდის პრესსამსახურში განუცხადეს, თაბორის ქედზე მასშტაბური 402 009 კვ.მ რეკრეაციული ზონის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სადაც მთლიანი ტერიტორიის 95% სრულად იქნება გამწვანებული.

„რეკრეაციული სივრცე აერთიანებს, ლანდშაფტთან შერწყმულ 9 ფოსოიან გოლფის მოედანს, რომლის მოწყობაც უკვე დასრულებულია, ასევე, ხელოვნურ ტბას და ჩოგბურთის კორტებს. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 160 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც განთავსდება საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი და ა.შ. დღეის მდგომარეობით, დასრულებულია სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი და მიმდინარეობს სამშენებლო პროექტირების სამუშაოები“, - აცხადებენ ტურიზმის განვითარების ფონდში.