მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19-მა ელექტრომობილების ქართული წარმოების დაწყების პროცესი შეაფერხა - AiGroup

5eda39ae01513
ვიქტორია მღებრიშვილი
05.06.20 18:30
2059
COVID 19-ის გამო მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა, რომელიც ჩინეთში ყველაზე ადრე, დეკემბრის თვიდან დაიწყო, ცხადია შეაფერხა ჩვენი გეგმები, - ამის შესახებ BM.GE-ს ელექტრომობილების წარმოების განმახორციელებელი კომპანია „აიგრუპის“დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ლოგისტიკურმა შეფერხებებმა გააჩერა ჩინეთიდან საწარმოო ხაზის ტრანსპორტირების პროცესი. თუმცა დღეს ეს შეფერხება მოხსნილია და კომპანიაში ამბობენ, რომ მანქანების წარმოებისთვის აუციელებელი ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოში ივლისში ჩამოვა.

„COVID 19-ის გამო მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა, რომელიც ჩინეთში ყველაზე ადრე, დეკემბრის თვიდან დაიწყო, ცხადია შეაფერხა ჩვენი გეგმები. უმნიშვნელოვანესი პრობლემა იყო ლოგისტიკური შეფერხებები; კერძოდ კი ვერ მოხერხდა 2019 წლის შემოდგომაზე შეძენილი საწარმოო ხაზისა და ტექნოლოგიური სიმძლავრეების ჩინეთიდან დროული მოწოდება. ჩვენმა პარტნიორმა, ავტოინდუსტრიის ჩინურმა გიგანტმა - “ჩანგანმა” მხოლოდ თებერვლის მეორე ნახევარში დაიწყო საწარმოო პროცესების განახლება, ისიც მხოლოდ ავტომატიზირებულ ნაწილებში. სრულად, სამუშაო პროცესს ქარხანა როდის დაუბრუნდება, ჯერ არ ვიცით. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად დაკომპლექტებული ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოში ივლისის დასაწყისში ჩამოვა.

მეორე, ასევე უმნიშვნელოვანესი პრობლემა, კადრების მივლინებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ველოდებოდით ინჟინრების გუნდს ჩინეთიდან, ვისაც უნდა ემართა საწარმოს მშენებლობის და საწარმოო ხაზების მონტაჟის მიმართულება. ასევე, უნდა გაგვეგზავნა ქართველ სპეციალისტთა გუნდი გადამზადებაზე ჩინეთში. მიმდინარე მოვლენების გამო ეს მიმართულებაც 2019 წლის ბოლოდან დღემდე შეჩერებულია”, - განმარტა კახა გულედანმა.

"აიგრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე წარმოების დაწყების ზუსტ დროს ვერ ასახელებს და ამბობს რომ „დაპირებული თარიღები გადაიხედება“.

იმედს ვიტოვებთ, არსებული ვითარება უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება, რაც მოგვცემს საშუალებას განვაგრძოთ დაწყებული პროცესი. თუმცა, ამ გადასახედიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაპირებული თარიღები გადაიხედება. ჩვენ დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ ის, რომ არ დავიშურებთ რესურსებსა და ენერგიას, რათა საქართველოში დაიწყოს დაპირებული წარმოება და მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილი.

აღსანიშნია, რომ ელექტრომობილების ქართული წარმოების იდეა დღეს გადაცემა „ანალიტიკაში“ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრამ გიორგი ქობულიამ გააკრიტიკა და განაცხადა: „ბევრჯერ ვცადე ამეხსნა, რომ ელექტრომობილების წარმოება უტოპიური იდეა იყო და არც არაფერი გამოდის აქედან“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ელექტრომობილების წარმოების ამოქმედების შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 2019 წლის გაზაფხულზე დაანონსა და განაცხადა, რომ საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები 2020 წლიდან ექსპორტზე გავიდოდა.

ამასთან, ჯერ კიდევ იანვარში „საქმიან დილაში“ სტუმრობისას, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, რომ ელექტორმობილების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაობი გეგმიურად ხორციელდებოდა.