17.ივნისი .2020 14:44

COVID-19-მა საქართველოში ქალთა მდგომარეობა გააუარესა - გაეროს ქალთა ორგანიზაცია

views 301
უკან

COVID-19-მა საქართველოში ქალთა მდგომარეობა გააუარესა, გენდერული უთანასწორობა კი გააღრმავა - ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სიტუაციის სწრაფი გენდერული ანალიზი ჩაატარა, იმისთვის რომ გაერკვია რა გავლენა იქონია COVID-19-მა საქართველოში ქალებისა და გოგოების მდგომარეობაზე და როგორ შეცვალა მათი ცხოვრება პანდემიამ.

„პანდემიის შედეგად, ქალებისთვის საოჯახო საქმეებზე გაწეული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი კიდევ უფრო გაიზარდა. მაგალითად, ბავშვების მოვლაზე, დალაგებასა და საჭმლის მომზადებაზე მათ ახლა გაცილებით დიდი დროის დახარჯვა უწევთ. გამოკითხული ქალების 61%-ი ამბობს, რომ ისინი ბავშვებზე ზრუნვას მეტ დროს უთმობენ, 41%-ს დალაგებაზე დახარჯული დრო გაეზარდა, 31%-ს კი — საჭმლის კეთებაზე.

საინტერესოა იმ ძირითადი საქმიანობების შედარებაც, რომლებსაც ქალები და კაცები COVID-19-ის გავრცელების შემდეგ ასრულებენ. ქალების შემთხვევაში მთავარი საქმიანობების ხუთეული ასეთია: საჭმლის მომზადება, დალაგება, სახლის საქმეების მართვა, ბავშვებზე ზრუნვა და ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობა. კაცების შემთხვევაში კი მთავარ საქმიანობებს სახლის საქმეების მართვა, საყიდლებზე სიარული, დასვენება, შინაური ცხოველების მოვლა და ბავშვებთან თამაში წარმოადგენს.

პანდემიის შედეგად, დასაქმებული მოსახლეობის მესამედმა სამსახური დაკარგა. გამოკითხული ქალების 78% აცხადებს, რომ თუ ვირუსის გავრცელების შემზღუდავი ზომები გაგრძელდება, მათ ძირითადი ხარჯების დაფარვა გაუჭირდებათ. ასევე, კვლევა აჩვენებს, რომ პანდემიამ და კარანტინმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგოების მდგომარეობა გაამწვავა. რადგან შეზღუდვები ინფრასტრუქტურის პრობლემებს ამძაფრებს, შშმ ქალები და გოგოები, განსაკუთრებით კი უსინათლოები, კარგავენ წვდომას მზრუნველობაზე, რომელიც მათ გადაადგილებისთვის ესაჭიროებათ“, - ნათქვამია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კვლევის შედეგებში.

მათივე ცნობით, კვლევის სატელეფონო გამოკითხვის კომპონენტმა მთელი საქართველოს მასშტაბით 1069 ადამიანი მოიცვა. მათ შორის, 572 - ქალი და 497 - კაცი. კვლევის სრული ანგარიში ხელმისაწვდომი ივნისის ბოლოსთვის იქნება.
აღსანიშნავია, რომ სწრაფი გენდერული ანალიზი მიზნად ისახავს სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორების მიერ პანდემიაზე რეაგირების პროცესში გენდერული საკითხების გათვალისწინებასა და პანდემიაზე რეაგირებისა და მზაობის გეგმის გენდერული მგრძნობელობის უზრუნველყოფას.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში“ მიერ, მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის მხარდაჭერით.