მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19, როგორც შესაძლებლობა – "პანდემიისას გაჩენილი იდეა, გახდა ჩემი ახალი საქმის დრაივერი"

6031286861b4c
ვიქტორია მღებრიშვილი
21.02.21 12:00
795

"მართვის აკადემიის" დამფუძნებელი, ტრენერი, სპიკერი და ბიზნესკონსულტანტი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ პანდემიამ მის წინ ახალი შესაძლებლობები გააჩინა, რაც ახალი საქმის წამოწყების საფუძველი გახდა. ამის შესახებ მან გადაცემა BMG Drive-ში ისაუბრა.

მისი თქმით, საყოველთაო გაჩერების პერიოდში მას საშუალება მიეცა, ცხოვრების სწრაფი ტემპი შეეჩერებინა და დაფიქრებულიყო.

„პერიოდულად ადამიანი უნდა გაჩერდე და მიმოიხედო. ცხოვრების ისეთი ტემპი გვაქვს, ხანდახან ჩვენით ვერ ვახერხებთ გაჩერებას და ნავიგაციას, ვერ ვაფასებთ, სწორად ვაკეთებთ თუ არა საქმეს. პანდემიამ ამის შესაძლებლობა მოგვცა. არ მახსოვს დრო, როდესაც 3 თვე შემეძლო მეფიქრა. ძალიან სასარგებლო იყო ეს პერიოდი.

პანდემიისას გაჩენილი ერთ-ერთი აზრი გახდა ჩემი ახალი საქმის დრაივერი. საქმე ისაა, რომ დღეს ნორმალური ტრენინგები საშუალოდ ჯდება 700 – 1 000 ლარი, მაშინ დავფიქრდი  – 1000 ლარი რომ ღირდეს კინოს ბილეთი, ხომ 3 კაცი ივლიდა კინოში? ტრენინგიც დაახლოებით ასეთი ელიტარიზებული გამოდის და დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ტრენიენგის ორგანიზატორმა მიიღოს ადეკვატური შემოსავალი და მეორე მხარისთვის ეს ტრენინგი იყოს ხელმისაწვდომი და ღირდეს 10-20 ლარი“, - ამბობს ჯეჯელავა.

აქედან გამომდინარე „მართვის აკადემიის“ დამფუძნებელმა ტრენინგების კურსის ნაწილის Youtube არხზე გადატანა გადაწყვიტა. დღეისთვის არხს - "Management Academy – მართვის აკადემია"  3 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და როგორც თავად მმართველი პარტნიორი ამბობს, მოთხოვნა მათ კონტენტზე მზარდია.

„არის რაღაცები, რაც იმდენად ძვირია, რომ ამბობ – ეს შენი თემა არ არის. დავინახე, რომ ინტერესი გაცილებით ფართე წრეს აქვს, თუნდაც ჩვენი ტრენინგების შემთხვევაში, ვიდრე ჩვენ ვწვდებით და შენ თუ გინდა, რომ გაავრცელო ცოდნა და ამას მხოლოდ 3.5 ადამიანზე ახერხებ, არ ითვლები გამავრცელებლად. ჩემთვის გაჩერება და ამოყვინთვა ეს იყო.

კარგი კონტენტი ასტიმულირებს კარგ მოთხოვნას და პირიქით - ეს წრეა. ოღონდ "ქოფი-ფეისთი" არ მუშაობს. არ შეიძლება მაგალითად უნივერსიტეტის პროგრამა დააკოპირო და წაიღო და ტრენინგი დაარქვა“, - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.