მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19: სასამართლო სისტემისა და დავის პროცესების გარდაქმნის უნიკალური შესაძლებლობა

5fbdfb56a1549
BM.GE
25.11.20 13:20
1500
იურიდიული ფირმა MG Law Office მისი პარტნიორების, არჩილ გიორგაძისა და ნიკოლა მარიანის მეშვეობით, უფროს იურისტებთან, ანა ქოჩიაშვილთან და თამარ ჯიქიასთან, იურისტ მარიამ კალანდაძესთან, უმცროს იურისტ ანა ჯიქიასთან, ლაშა მაჭავარიანთან და ნინო საყვარელიძესთან ერთად თანამშრომლობს Business Media Georgia-სთან, რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია მნიშვნელოვანია სამართლებრივი სიახლეებისა და საკითხების შესახებ. ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც შესაძლოა საინტერესო იყოს თქვენი ბიზნეს საქმიანობისთვის.


COVID-19: სასამართლო სისტემისა და დავის პროცესების გარდაქმნის უნიკალური შესაძლებლობა

გლობალური პანდემიის აფეთქებით მსოფლიო უპრეცედენტო რისკებისა და გამოწვევების წინაშე დადგა. ერთ-ერთი პირველი ინსტიტუტი, რომელსაც პანდემიის დასაწყისშივე დასჭირდა ადაპტაცია, სასამართლო აღმოჩნდა. ჩვენთვის ნაცნობი და ჩვეული ფორმით სასამართლო სხდომების და სხვა სამართლებრივი პროცედურების ჩატარება COVID-19-ის გამო შეუძლებელი გახდა. ზოგიერთი სახელმწიფო იძულებული გახდა სწრაფად გარდაექმნა ქაღალდზე დაფუძნებული სამართლებრივი სისტემა და ის დისტანციური პროცედურებით ჩაენაცვლებინა. რიგი ცვლილებები, რომლებსაც თეორიულად წლები დასჭირდებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე დღეში განხორციელდა. COVID-19-ის გამოწვევების პასუხად სასამართლო სისტემაში ჩატარებული ცვლილებები გულისხმობს სასამართლო სხდომათა ტელე-კონფერენციების მეშვეობით ჩატარებას, ვიდეო სხდომებს, სასამართლო დოკუმენტების ელექტრონულ გაცვლას და მოსმენებს, რომელიც არ საჭიროებს მხარეთა ერთდროულად დასწრებას.

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა აჩვენა, რომ საჭიროა სასამართლო სისტემის მზაობა და მიმღებლობა ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა უზრუნველვყოთ სასამართლო პროცესების უწყვეტობა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა. პანდემიამ ასევე ცხადყო, რომ სასამართლოების ტრადიციული პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და სწორედ ამ ისტორიულმა მომენტმა უნდა განაპირობოს თანამედროვე მეთოდების ათვისება, დანერგვა და განვითარება სასამართლო სისტემაში.

საგულისხმოა, რომ რიგ ქვეყნებს, როგორიცაა, მაგალითად, ესტონეთი, კანადა, სინგაპური, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უკრაინა, COVID-19-ის არსებობამდეც ჰქონდათ ტექნოლოგიური ელემენტები სასამართლო სისტემაში. აღნიშნული ცვლილებები, პირველ რიგში, ტრადიციული სასამართლოს აშკარა სისუსტეებით იყო გამოწვეული. პანდემიის დაწყებამდე სამართალწარმოება ზოგადად დიდ ხარჯებთან, მოსაკრებლებთან და გარკვეულ იურისდიქციებში საქმეთა საგრძნობ დაყოვნებასთან ასოცირდებოდა. ამ და დამატებითი ფაქტორებიდან გამომდინარე, მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ ჰქონდა წვდომა მართლმსაჯულებაზე. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 46%-ს შეეძლო კანონით მინიჭებული უფლებებით სათანადოდ სარგებლობა. შესაბამისად, მართალია, პანდემიამ მნიშვნელოვნად დააჩქარა დისტანციური მართლმსაჯულების შექმნა და გამართვა, თუმცა ეს კონცეფცია უკვე დიდი ხანია ჰორიზონტზე მოჩანს.

საერთაშორისო გამოცდილება

ესტონეთის, სინგაპურის, გაერთიანებული საამიროების, კანადისა და დიდი ბრიტანეთის დისტანციური სასამართლოთა სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.

ესტონეთი

ესტონეთი, რომელიც ელექტრონულ მმართველობათა სისტემების პიონერად ითვლება, 2005 წლიდან სასამართლო სისტემებში ციფრული ტექნოლოგიების შერწყმაზე მუშაობს. დღეს მას 15 წლიანი გამოცდილება აქვს აღნიშნულ სფეროში. ამ რეფორმების შედეგად, ესტონეთს სასამართლო პროცესების სრულად ციფრული და წერილობითი პლატფორმა გააჩნია. ელექტრონულ სისტემაში, რომელსაც E-File ეწოდება, მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ და მიიღონ საჩივრები, განცხადებები, საქმის წარმოებაზე არსებული შეტყობინებები. ეს მხარეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ მათ უკეთ შეძლონ საქმეთა მსვლელობის კონტროლი, ონლაინ საჩივრების შეტანა და საქმის მიმდინარეობაზე დაკვირვება. ამრიგად, საქმის აღძვრა, პროცედურების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ელექტრონულ სივრცეში გადავიდა. აღნიშნულ ელექტრონულ სისტემას იყენებს ესტონეთის სასამართლოს სამივე ინსტანცია, მათ შორის უზენაესი სასამართლოც. ამასთან, E-File-ის სისტემა უკავშირდება ისეთ საინფორმაციო ბაზებს, როგორიც არის პოლიციის საინფორმაციო სისტემა, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების სისტემა და სისხლის სამართლის საქმეთა მართვის სისტემა. შესაბამისად, ინფორმაციაზე წვდომა გამარტივებულია ერთიანი ინტეგრირებული სისტემის მეშვეობით.

სხვა სახელმწიფოების მსგავსად, ესტონეთში ასევე შესაძლებელია სასამართლო სხდომის ვიდეო კონფერენციების მეშვეობით ჩატარება. მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რომ ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის პირობებში სასამართლოს შენობები არ დაიხურა და შეზღუდულ შემთხვევებში, განსაკუთრებული მიზეზების ან ტექნოლოგიური შეზღუდვების გამო, შესაძლებელია ტრადიციული სხდომის ჩატარებაც.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ესტონეთის სასამართლოები პანდემიის მიუხედავად, წინა წლების მსგავსად აგრძელებენ მუშაობას, რაც ესტონური სისტემის ეფექტურობაზე მიუთითებს.

სინგაპური

სინგაპური ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სასამართლო სივრცეში დანერგა ტექნოლოგიები. სასამართლოების მოდერნიზაცია 90-იან წლებში დაიწყო და რეფორმის პირველ ეტაპზე პრიორიტეტად საქმეთა უკეთესი ადმინისტრირება განისაზღვრა. ათი წლის შემდეგ სინგაპურის სასამართლო სისტემის გამბედავმა რეფორმებმა შედეგი გამოიღო და ის აზიის წყნარი ოკეანის სასამართლოთა სიის სათავეში მოხვდა. სინგაპურის ძირითადი მოტივაცია უსაფრთხო და იურიდიულად პროგნოზირებადი გარემოს შექმნა იყო, რაც თავის მხრივ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას გამოიწვევდა.

ესტონეთის მოდელის მსგავსად, არსებული ონლაინ პროგრამა სინგაპურის ყველა ინსტანციას ემსახურება, რაც მხარეებს სარჩელებისა თუ განცხადებების შეტანის და საქმეების დისტანციურად განხილვის შესაძლებლობას ანიჭებს. საერთო ციფრული პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ESF-ის სახელით არის ცნობილი, სასამართლოს აქვს ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით სხდომების ჩატარების შესაძლებლობა. გარდა ამისა, სახელმწიფომ გაითვალისწინა საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ელექტრონული უნარ-ჩვევები და შექმნა სპეციალური მომსახურების ბიურო, რომლის წარმომადგენლებიც ტექნიკურად ეხმარებიან მოდავე მხარეებს.

ამ და სხვა ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა სინგაპურს საშუალება მისცა თავისი ისტორიული ნაკლოვანებები გადაელახა. სინგაპურის მოდელის წარმატებულობის დასტური არის ის ფაქტი, რომ სინგაპურში როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის საქმეების 96% კანონით გათვალისწინებულ ვადებში სრულდება.

კანადა

ბრიტანეთის კოლუმბიის სამოქალაქო რეზოლუციის ტრიბუნალი, რომელიც კანადის პირველ ონლაინ ტრიბუნალად ითვლება, არ არის ტრადიციული სასამართლო და ძირითადად, როგორც მოლაპარაკებების პლატფორმა ისე განიხილება. ტრიბუნალი მომხმარებლებს მოუწოდებს დავები ტრიბუნალის წევრებთან უშუალო კონტაქტის გარეშე გადაწყვიტონ.
მომსახურების საფასურის შემცირების გზით, აღნიშნული სისტემა ხელს უწყობს დავის მხარეებს ფოსტის, ფაქსის და ელ.ფოსტის ნაცვლად, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით წარადგინონ წერილობითი განცხადებები. ამასთან, მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, სისტემას აქვს ვიდეო კონფერენციის მეშვეობით სხდომის დისტანციურად ჩატარების შესაძლებლობაც. საინტერესოა ისიც, რომ სხდომების დისტანციურად ჩატარება ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიც არის Whatsappp ან Messenger. სამოქალაქო რეზოლუციის ტრიბუნალის ბოლო ანგარიშის თანახმად, მას საშუალოდ 79,3 დღე სჭირდება სტანდარტული დავის გადასაწყვეტად.

არაბთა გაერთიანებული საამიროები

განხილული მაგალითების მსგავსად, სასამართლო სისტემების რევოლუციური განვითარება არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც პანდემიამდე დაიწყო. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი შეიძლება ორი მიმართულებით დაიყოს: ოფშორული და არა-ოფშორული სასამართლოების ტექნოლოგიური განვითარება. ამ შემთხვევაში განხილულია ოფშორული სასამართლოების სისტემა, კერძოდ აბუ-დაბის საერთაშორისო საფინანსო ცენტრის ოფშორული სასამართლო (შემდეგში, „აბუ-დაბის სასამართლო“).

აბუ-დაბის სასამართლოს დამფუძნებლები სრულად იზიარებდნენ ხედვას, რომ სასამართლოთა სისტემა ტექნოლოგიის უახლესი განვითარების მიღწევებს დაყრდნობოდა. ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე, აბუ-დაბის სასამართლომ Microsoft-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა. მათ ერთობლივად შექმნეს სამართლებრივი პლატფორმა, რომელშიც ინტეგრირებულია ისეთი პროგრამები, როგორიც არის Azure, Office 365, Dynamics 365, Skype და ა.შ. აღნიშნული პროგრამები მათ სასამართლოს სისტემას მოარგეს.

აბუ-დაბის სასამართლო ხელმისაწვდომია 24 საათი, კვირაში 7 დღე. მას არ აქვს გეოგრაფიული შეზღუდვა და საჭიროების შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ აღნიშნულ პლატფორმაზე განაცხადების და სარჩელების რეგისტრაცია, შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა და მიღებული გადაწყვეტილებების ნახვა. ზემოთ მოყვანილი ზოგიერთი მოდელის მსგავსად, აბუ-დაბის სასამართლოში შესაძლებელია სასამართლო სხდომის ჩატარება Skype-ის მეშვეობით. პლატფორმის საშუალებით, მხარეებს გადახდების განხორციელებაც შეუძლიათ, რომელთა შემდგომ ტრანზაქციის ამსახველი ქვითრის მიღებაც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, აღნიშნული სასამართლო სისტემის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მას ასევე აქვს მტკიცებულებათა გაცვლის პლატფორმა, რომელიც ელექტრონულადაც არის ხელმისაწვდომი.

დიდი ბრიტანეთი

ისევე როგორც ესტონეთმა და კანადამ, დიდმა ბრიტანეთმაც ონლაინ სასამართლოების განვითარება პანდემიამდე დაიწყო. ამასთან, ჩამოთვლილი ქვეყნების მსგავსად, პანდემიამ პროცესები დიდ ბრიტანეთშიც დააჩქარა. კანადური სამოქალაქო რეზოლუციის ტრიბუნალისგან განსხვავებით, გაერთიანებული სამეფოს სასამართლოები ონლაინ პლატფორმას იყენებენ ყველა ტიპის, მათ შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე. თავდაპირველად ონლაინ სასამართლო სისტემა მხოლოდ განქორწინების, მემკვიდრეობის, მცირე მოთხოვნებისა და სხვა მსგავსი საკითხებისთვის იყო განკუთვნილი. ესტონეთის მსგავსად, დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც გააუმჯობესა დისტანციურ რეჟიმში განაცხადების შევსება, მიღება და სხვა პროცედურები, რამაც მხარეთა შორის საჭირო ინფორმაციის გაცვლას შეუწყო ხელი.

საქართველოს გამოცდილება

საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც დისტანციური სასამართლო წარმოებების გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდათ, უკეთ მოახერხეს პანდემიის მიერ წამოჭრილ გამოწვევებთან გამკლავება. აღსანიშნავია, რომ საქართველოშიც COVID-19-ის გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო ელექტრონული სასამართლო სისტემების განვითარების პირველი ეტაპები. 2010 წლიდან საქართველომ დანერგა ციფრული სამართალწარმოების საკუთარი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში განახორციელონ მიმდინარე საქმის კონტროლი და ჰქონდეთ მასალებზე ელექტრონული წვდომა. გარდა ამისა, საკანონმდებლო რეფორმების განხორციელებით, გაჩნდა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სისტემაც, რამაც კიდევ ერთი ნაბიჯით გააუმჯობესა საჩივრების, სარჩელებისა და განცხადებების დისტანციურად წარდგენის პროცედურა. სამწუხაროდ, მიუხედავად ასეთი ნაბიჯებისა, ერთიანი ციფრული სისტემა ჯერ არ შემუშავებულა.

2020 წლის აპრილში, როდესაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და სოციალური დისტანცირება სავალდებულო გახდა, საქართველოს სასამართლოები იძულებული გახდნენ სხდომები ვიდეო-კონფერენციების მეშვეობით ჩაეტარებინათ. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტში აღინიშნა, რომ ნებადართულია დისტანციური სხდომების ჩატარება სისხლის სამართლის საქმეებზე. დამატებით, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული მთავრობის დადგენილებით, დაშვებული გახდა დისტანციური სხდომების ჩატარება საგადასახადო დავების ადმინისტრაციული განხილვისას.

2020 წლის სექტემბერში საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო სისტემაზე COVID-19-ის გავლენის შესამცირებლად გამოსცა შესაბამისი რეკომენდაციები. სამწუხაროდ, აშკარა გამოწვევების მიუხედავად, ეს რეკომენდაციები, პრეზიდენტის ბრძანება და მთავრობის განკარგულება არ იძლევა რამე მითითებას სამოქალაქო საქმეების დისტანციურად ვიდეო-კონფერენციის საშუალებით ჩატარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, შემჭიდროვებული საპროცესო ვადების არარსებობის შემთხვევაში, რეკომენდაციები სასამართლო სხდომის გადადებას ითვალისწინებს. ამასთან, საქართველოს საერთო სასამართლოების სამოქალაქო საქმეთა პალატამ დისტანციური სხდომები შესაბამისი პროცედურული ინსტრუქციებისა და დებულებების გარეშე ჩაატარა. ონლაინ სხდომების ჩატარებისას სასამართლოები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებებს დაეყრდნენ, რომლებიც განსაზღვრავენ ცალკეული საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას დისტანციური საშუალებების გამოყენების მეშვეობით და სხდომის ვიდეო-კონფერენციის გზით ჩატარების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებზეც საქართველოს საერთო სასამართლოები მიუთითებდნენ, ასევე მოითხოვს მხარეთა თანხმობას, ხოლო მოქმედი კანონი არ აწესრიგებს, რა შედეგები დადგება, თუ რომელიმე მხარე არ დათანხმდება საქმის დისტანციურად განხილვას.

ქართული გამოცდილება ცხადყოფს, რომ მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, ონლაინ სასამართლოების დანერგვა არ იყო წინასწარ დაგეგმილი ან გააზრებული პროცესი და მეტწილად COVID-19-ის სირთულეებიდან გამომდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ რაც ქართველმა მოსამართლეებმა და ადვოკატებმა აღმოაჩინეს დისტანციური სასამართლო სისტემის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები, ჩნდება შანსი, რომ მათ დამატებით განიხილონ ქართული მართლმსაჯულების გარდაქმნის შესაძლებლობები. ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული სისტემის წარმატება მეტწილად არსებული პროცესის მონაწილეთა მზაობით განისაზღვრება. პანდემიამ კი, მიუხედავად ყველა მისი სირთულისა, მოგვცა არსებული სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესაძლებლობა .

ონლაინ სასამართლო სისტემების განვითარებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები
ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ონლაინ სასამართლო სისტემის დანერგვისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი არსებული სისტემის მთლიანი გადახედვაა, რასაც თავის მხრივ, სწრაფი სამართლებრივი რეფორმები უნდა მოჰყვეს. ამ თვალსაზრისით, უნდა განვასხვავოთ ორი ცალკეული მიდგომა, რომელიც ავტომატიზაციისა და ტრანსფორმაციის სახელით არის ცნობილი. ავტომატიზაცია შეიძლება გავიგოთ, როგორც ძველი საშუალებების მისადაგება ახალზე, რაშიც გამოიხატება თუნდაც Webex-ის აპლიკაციის გამოყენება სასამართლოს მიერ. სასამართლო სისტემის ტრანსფორმაცია კი გულისხმობს პოლიტიკის სრულიად ახალი ჩარჩოს შექმნას, რასაც სასამართლო სისტემის და, შესაბამისად, მისი სამართლებრივი საფუძვლის ერთიანი ცვლილება მოჰყვება.

ამრიგად, ავტომატიზაციისგან განსხვავებით, სასამართლოს ტრანსფორმაციის მიზანი არის საკითხის საფუძვლიანად გადაჭრა და ეფექტური სისტემის შექმნა. სასამართლო ტრანსფორმაციის გზა აირჩიეს ისეთმა სახელმწიფოებმა, როგორიც არის ესტონეთი, კანადა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთი, სინგაპური. ამ სახელმწიფოებმა საფუძვლიანი ცვლილებები დაისახეს მიზნად და ამჟამად ონლაინ სასამართლოების გამოცდილების მხრივ, ლიდერებად მიიჩნევიან.
არსებული სასამართლო სისტემის შექმნისა და გაუმჯობესების ერთი-ერთი ძირითადი მოთხოვნა არის მათი განხორციელებისთვის საჭირო ფინანსები. თავისთავად ცხადია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემის განვითარება და შენარჩუნება მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს. ასევე ნათელია, რომ იქნება დამატებითი ხარჯებიც, რაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამოყენების ან სისტემის განახლებისთვის არის პერიოდულად საჭირო.

კიდევ ერთი გამოწვევა შესაფერისი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაა. გარკვეული იურისდიქციები და მათი სამართლებრივი პროცედურები შეიძლება არ იყოს აღნიშნული სისტემისთვის საკმარისად მოქნილი. საკანონმდებლო რეფორმები აუცილებელია სასამართლო ფორმატის ონლაინ რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის. გარკვეულ შემთხვევებში, ასეთ რეფორმას საკონსტიტუციო ცვლილებებიც შეიძლება დასჭირდეს და ეს შესაძლოა არ იყოს მარტივი და სწრაფი ამოცანა.

მიუხედავად შთამაგონებელი გამოცდილებებისა, ელექტრონულ რეფორმებს საკუთარი გამოწვევები გააჩნია. ჩნდება ისეთი კითხვები, როგორიცაა განვითარებადი სახელმწიფოებისთვის დაფინანსების მოპოვება, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, მომხმარებლების ელექტრონული წიგნიერება, მხარეთა უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა. ეჭვგარეშეა, რომ სასამართლო სისტემების რეფორმა უკვე დიდი ხანია საჭიროა, ხოლო პანდემია, მთელი თავისი ტრაგედიით შესაძლოა აუცილებელი და მოსალოდნელი ცვლილებებისკენ მიმავალი მამოძრავებელი ძალა გახდეს. ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული სისტემის რეფორმირება ადვილი ამოცანა არ არის. ეს დიდწილად დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიმღები პირების მზადყოფნაზე, განახორციელონ გამჭირვალე რეფორმები და აღნიშნული სფეროს პროფესიონალების მზაობაზე, მიიღონ სიახლეები.
მიზანი არა სრულყოფილი სისტემის შექმნა, არამედ უკეთესი პლატფორმის შემუშავებაა. ზემოთ ხსენებული მაგალითები გვიჩვენებს, რომ დისტანციურ სასამართლოს სისტემასთან დაკავშირებულ ყველა გამოწვევას გამოსავალი გააჩნია. აღნიშნული პროექტის წარმატებისთვის კი აუცილებელია რეფორმების პროცესის იმ სისწრაფის შენარჩუნება, რომელიც პანდემიამ მოიტანა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტემპი COVID-19-ის სრული გადალახვის შემდეგაც არ შენელდეს.

***
შენიშვნა: ეს სტატია არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. გთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოთ ბიზნესთან დაკავშირებულ სპეციფიკურ საკითხებზე კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაციის მიღება.
იურიდიული ფირმა MG Law Office არის პირველი იურიდიული კომპანია საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ და გთავაზობთ სრულყოფილ სამართლებრივ მომსახურებას. ჩვენ ვემსახურებით ქართული და უცხოური კომპანიების მრავალფეროვან ჯგუფს, ფინანსურ ინსტიტუტებს, საინვესტიციო ფონდებს, სახელმწიფოებსა და საჯარო პროექტებს.

მრავალფეროვანი ექსპერტიზის გათვალისწინებით, ჩვენი ძირითადი სპეციალიზაცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საბანკო და საფინანსო სფერო, კაპიტალის ბაზრები, საარბიტრაჟო და სასამართლო დავები, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, საგადასახადო სამართალი, საინვესტიციო სამართალი, კორპორატიული სამართალი, კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.mglaw.ge  ან დაუკავშირდეთ არჩილ გიორგაძეს მისამართზე: archil.giorgadze@mglaw.ge  და ნიკოლა მარიანის მისამართზე: Nicola.mariani@mglaw.ge