11.მაისი .2020 17:54

"Covid-19-თან ეფექტურად მებრძოლი" - ტურისტული ბრენდის ახალი კომპონენტი გახარიას აზრით

views 550
უკან

„ტურისტული ბრენდის და ლოკაციის სიძლიერეს უნდა დაემატოს ახალი კომპონენტი - პანდემიისგან უსაფრთხო ზონა და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში განაცხადა, სადაც აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

მისი თქმით, კრიზისი უნდა იქცეს შესაძლებლობად.

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმი გახდა ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, მნიშვნელოვანი სექტორი. გარდა ამისა საქართველო, როგორც ტურისტული ლოკაცია მსოფლიოში გახდა ძალზედ ცნობილი და როგორც ტურიზმის წერტილი გახდა ძლიერი ბრენდი თავისი 8 000 წლიანი მეღვინეობის ისტორიით, თავისი ათასწლეულების ისტორიით, სამზარეულოთი, კულტურით და ყველაფრით. უამრავი ადამიანი მოილტვოდა საქართველოსკენ და გააჩნია სურვილი ნახოს საქართველო. ჩვენ საქართველოს, როგორც ტურისტული ბრენდის და ლოკაციის სიძლიერეს უნდა დავუმატოთ ახალი კომპონენტი - პანდემიისგან უსაფრთხო ზონა, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთი გამოვლინება უნდა იყოს კრიზისის როგორც შესაძლებლობის.

ქართული ტურიზმი კი, არ უნდა შეშინდეს და უკან დაიიხიოს, მან უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ ჩვენ Covid-19-ის ინფექციას ვმართავთ ისე, რომ ამავდროულად შეგვიძლია მივიღოთ ტურისტები და სტუმრები ჩვენს ქვეყანაში, ესაა ფორმულა, რომლითაც უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და ავაღორძინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, პირველ რიგში, აჭარაში. აქ ბევრი წარმატებული სასტუმროა, მოგეხსენებათ, ბევრი წარმატებული ტურისტული კომპანიაა, ვისაუბრეთ როგორ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ, ჩვენ შევქმნით ჯგუფს, რომელიც იქნება ფოკუსირებული და იმუშავებს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ აჭარისთვის კონკრეტული უსაფრთხოების წესების დასაცავად იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად აჭარაში ტურიზმი აღვადგინოთ, მაგრამ ყველა ეს გეგმა დაგვრჩება უკან და იქნება უსაფუძვლო, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კომპანიამ და სახელმწიფომ არ დავიცავით ელემენტარული წესები,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის აზრით, საქართველომ უნდა ანახოს მსოფლიოს, რომ ქვეყანას შეუძლია მიიღოს ტურისტები, ამუშაოს ეკონომიკა და ამავდროულად, წარმატებულად უმკურნალოს Covid-19-ით ინფიცირებულ როგორც საკუთარ მოქალაქეებს, ისე სტუმრებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა