მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში მაღალი კლასის რესტორანი „კარი“ იხსნება

61aa24f5406d0
ვიქტორია მღებრიშვილი
04.12.21 09:48
6041
დღეს, თბილისში რესტორანი „კარი“ გაიხსნება, რომელიც სტუმრებს ქართულ კერძებს თანამედროვე სერვირებით, შეფმზარეულ მიშა ავსაჯანიშვილის რეცეპტურით შესთავაზებს.

სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გამოცდილმა წარმომადგენლებმა ირინა ხომასურიძემ და ნატალია ხატიაშვილმა ძალების გაერთიანებით და პარტნიორობით ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის განტვირთვისა და ქართული გასტრონომიის შეთავაზებით ნიშური რესტორნის ამოქმედება რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტეს და იდეა სისრულეშიც მოიყვანეს.

როგორც ირინა ხომასურიძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რესტორნის დახურული და ღია სივრცეები ამ ეტაპისთვის 70-მდე ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.

„რესტორანში წარმოდგენილი ქართული კერძები ყველა კუთხის სამზარეულოს მოიცავს, თუმცა ისინი მიშა ავსაჯანიშვილის ხელწერით შეიქმნება. ამ ეტაპისთვის 18 ადამიანს ვასაქმებთ და მიუხედავად იმისა, რომ კადრების მოძიება რთულია, ჩვენთან დასაქმებულთა რიცხვი გაიზრდება.

კერძები მაღალი კლასის რესტორნების სტილში იქნება წარმოდგენილი, თუმცა შევეცადეთ ქართულ ბაზარს მაქსიმალურად მოვრგებოდით. ადგილობრივი ფერმერებთან აქტიური თანამშრომლობით, კერძები მაქსიმალურად ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით მომზადდება, ასევე ვთანამშრომლობთ მცირე მარნებთან, რომლებიც მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებენ. ჩვენი რესტორანი უფრო ნიშური იქნება, ვიდრე მასობრივი“, - აღნიშნა ირინა ხომასურიძემ.

მისივე ინფორმაციით, პარტნიორები ერთი რესტორნის გახსნით არ შემოიფარგლებიან და სულ მალე „კარის“ მეორე რესტორანიც გაიხსენება. ინვესტიციებზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რომ ობიექტი პირადი ფინანსური რესურსით იხსნება.

„დღეს ჭოველიძის 4-ში „კარი“ თავის პირველ რესტორანს გახსნის, ხოლო გაზაფხულისთვის თბილისში, კონკრეტულად კი ლისის ტბაზე მეორე რესტორნის გახსნას ვგეგმავთ“, - უთხრა BM.GE-ის რესტორნის მმართველმა პარტნიორმა.