მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-გადატანილებისთვის უვადო "მწვანე პასპორტს“ მხარს არც სერგეენკო უჭერს

61af3a54ead67
ინგა მურუსიძე
07.12.21 15:22
673
„ცალსახად ვფიქრობ, რომ covid-გადატანილებს უვადო „მწვანე პასპორტის“ სტატუსი არ უნდა მიენიჭოს“, - ასე პასუხობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო bm.ge-ს შესაბამის კითხვას.

საქმე ისაა, რომ პირველი დეკემბრიდან ამოქმედებული „მწვანე პასპორტის“ მექანიზმის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის თანახმად, „მწვანე საშვის“ სტატუსს ყველა covid-გადატანილი მოქალაქე უვადოდ იღებს, ფაქტობრივად, საყოველთაო კრიტიკის საგანია. აღსანიშნია, რომ covid-გადატანილებისთვის უვადო „მწვანე პასპორტს“ მხარს არც ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და არც NCDC-ის ტოპ-მენეჯმენტი - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე უჭერენ.

BM.ge-ის ინფორმაციით, უწყებათშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სწორედ უვადო „მწვანე პასპორტი“ იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, სადაც საბჭოს წევრებმა პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს და საბოლოოდ, სხდომის შემდეგ არცერთმა მათგანმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვარ საკოორდინაციო საბჭოს წევრი და არ ვარ ჩართული იქ არსებული არგუმენტების გაცვლა-გამოცვლაში“, - თქვა bm.ge-სთან დავით სერგეენკომ, მაგრამ იქვე ღიად დააფიქსირა, რომ უვადო „მწვანე პასპორტს“ მხარს არ უჭერს.

„ცალსახად ვფიქრობ, რომ covid-გადატანილებს უვადო „მწვანე პასპორტის“ სტატუსი არ უნდა მიენიჭოს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვარ საკოორდინაციო საბჭოს წევრი და არ ვარ ჩართული იქ არსებული არგუმენტების გაცვლა-გამოცვლაში.

ნამდვილად არ ვიცი, რა მოცემულობის ერთობლიობამ მიიყვანა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე.

ამას ვერ დავასაბუთებ და არ მინდა ვარაუდებით ვისაუბრო, თუმცა ჩემი პოზიცია ასეთია: ვირუსის ბუნება ასეთია, ორ-სამ თვეში იცვლის სახეს და იძენს ახალ თვისებებს. იმის გარანტია, რომ ვინც კოვიდი გადაიტანა, იმას არასოდეს დაემართება, არ გვაქვს. ამ მოცემულობას ამძაფრებს ცნობები ომიკრონის შესახებ. მე ცალსახად ვფიქრობ, რომ covid-გადატანილებისთვის “მწვანე პასპორტი” უვადო არ უნდა იყოს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.