მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-ის 1 წელი: 100,000-ით მეტი სოცდაუცველი, 53,000-ით მეტი უმუშევარი, 16%-ით გაუფასურებული ლარი

6038e74c19040
შოთა ტყეშელაშვილი
26.02.21 16:19
1226
დღეს 1 წელი შესრულდა საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან. 2020 წლის 26 თებერვლის ღამით, ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ვირუსი ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა, საქართველოში პანიკა მოჰყვა. პანიკა იყო სუპერმარკეტებში, სადაც მოულოდნელად რიგები დადგა. პირველი შემთხვევიდან ძალიან მალე, საქართველომ სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება დაიწყო.

საქართველოსთან ერთად, მთელ მსოფლიოშიც ყოველდღიურად იზრდებოდა შემთხვევების რაოდენობა; მარტის დასაწყისში საფონდო ბირჟებზე უპრეცედენტო ვარდნა დაიწყო, შემცირდა ნავთობის ფასი, ვარდნა დაიწყეს რეგიონის ქვეყნების - რუსეთის და თურქეთის ვალუტებმა. ძალიან მალევე ეს კრიზისი საქართველოზეც გადმოვიდა. თებერვალში ერთი დოლარის ღირებულება 2.79 ლარი იყო, მარტში შემთხვევების მატების და პირველი ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ ლარის ისტორიული გაუფასურება მოხდა და ერთი დოლარის ღირებულება 3.48 ლარი გახდა. მარტი განსაკუთრებულად მძიმე იყო, რადგანაც ამ დროს არ იყო ცნობილი შეძლებდა თუ არა ქვეყანა საკმარისი მოცულობის საგარეო დახმარების მიღებას. აპრილში ცნობილი გახდა დახმარების $1.5 მილიარდიან პაკეტზე, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტის და სავალუტო რეზერვების შესავსებად იყო მიმართული. პანდემიის მხრივ, პირველი "ლოქდაუნის" დროს არსებული მკაცრი შეზღუდვების ფონზე ქვეყანაში დღიური შემთხვევების რაოდენობა 100-ს იშვიათად სცდებოდა. მოქმედებდა უმკაცრესი პირობები, რომელთა გამოც გაჩერდა თითქმის ყველა სექტორი. შედეგად, აპრილში ქვეყანამ 13%-იანი ეკონომიკური ვარდნა მიიღო.

უმძიმესი "ლოქდაუნის" ფონზე, საქართველოს მთავრობამ უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის კომპენსირება დაიწყო. კორექტირებული ბიუჯეტით განისაზღვრა 6-თვიანი პროგრამა თვეში 200-ლარიანი დახმარებების გასაცემად, უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულებისთვის კი, ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარებები დაწესდა. ამ კომპენსაციებს თვეში საშუალოდ 90 ათასი ადამიანი იღებდა.

გაზრდილი უმუშევრობის მიუხედავად, პირველი "ლოქდაუნის" შემდეგ არსებობდა მოლოდინი, რომ ქვეყანაში ზაფხულისთვის რეგულარული ფრენები აღდგებოდა და PCR ტესტების საფუძველზე და საქართველოს “მწვანე ზონის” სტატუსის გამო, ქვეყანას უცხოელი ვიზიტორები ესტუმრებოდნენ, თუმცა მთავრობის მიერ შექმნილი ეს მოლოდინი მცდარი იყო, რადგან ბიზნესისთვის მიცემული პირობის მიუხედავად, საზღვრები არ გაიხსნა. ამ ფაქტორმა გააუარესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინები, ზაფხულის ბოლოს ეტაპობრივი გაუფასურება დაიწყო ეროვნულმა ვალუტამ, რომელიც იმ პერიოდში დოლართან მიმართებით 2.95-ზე ინარჩუნებდა კურსს.

სექტემბრიდან, სავალუტო მერყეობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ამავე პერიოდში აშკარა გახდა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა მწიფდებოდა, რასაც ლოგიკურად ხელმეორე "ლოქდაუნი" შეიძლება მოჰყოლოდა. აჭარაში ვირუსის მატების ფონზე მთავრობამ არ დააწესა წერტილოვანი შეზღუდვები, მეტიც წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში დღეში ასობით ახალი შემთხვევის მიუხედავად შეზღუდვები არ ამოქმედებულა.

ლარის გაუფასურების მზარდი მოლოდინების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა გააქტიურა სავალუტო რეზერვების ხარჯვა და წლის მეოთხე კვარტალში $500 მილიონი დოლარის სავალუტო აუქციონები განხორციელდა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ვირუსის შემთხვევების მატების პიკური პერიოდი დადგა, დღეში 4-5 ათასი ახალი შემთხვევის ფონზე ქვეყანამ ვირუსის გავრცელების ტემპებით მსოფლიოში ნომერ პირველი ადგილი დაიკავა. ამას მოჰყვა მეორე "ლოქდაუნი", რომლის შედეგადაც სავაჭრო სექტორი ახალი კრიზისის წინაშე დადგა. ახალ "ლოქდაუნს" მოჰყვა 200-ლარიანი კომპენსაციების ახალი ტალღა და უმუშევართა რაოდენობის ხელახალი ზრდა.

ოფიციალური რიცხვებით, 2020 წელს ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 74 ათასით შემცირდა, ასევე 53 ათასით, 308 ათასამდე გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა (მოსახლეობის 20.4% ამჟამად უმუშევარია, მატება 3.8%).

უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ბოლო 1 წლის განმავლობაში ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღები მოქალაქეების რაოდენობამ 100,000-ით იმატა და 2021 წლის იანვარში 532,000-ს მიაღწია. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, დღეს მთლიანი მოსახლეობის 14.3% თვეში 60 ლარის ოდენობის დახმარებას იღებს.

2020 წელს საქართველომ ტურიზმის შემოსავლების 80%, ანუ $2.7 მილიარდი დოლარი დაკარგა. ვიზიტორთა რაოდენობა 8 მილიონით შემცირდა.

ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს 6.1%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია, 2021 წლის იანვარში ვარდნა დამატებით 11.5% იყო. სახელმწიფო ვალის მოცულობა კანონით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს უკვე ასცდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტა 1 წლის ჭრილში აშშ დოლართან მიმართებით 16%-ით გაუფასურდა. კრიზისის გამო სებ-მა 2020 წელს $870 მილიონი, 2021-ის იანვარ-თებერვალში კი $120 მილიონი გაყიდა.

ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ით ამ 1 წლის განმავლობაში 270,137 ადამიანი დაინფიცირდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 7%-ია. ინფცირებულთა რაოდენობით საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს ასწრებს. 264,047-მა ადამიანმა ვირუსი უკვე დაამარცხა. ვირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა 3 485-ია, რაც ასევე აღემატება აზერბაიჯანსა და სომხეთში ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობას.

საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე არ დაწყებულა.