მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-ის გავლენა სილამაზის ინდუსტრიაზე: ბევრი სალონი დაიხურა, მაკიაჟზე მოთხოვნა აღარაა

5fa3ba8be9bca
ინგა მურუსიძე
05.11.20 13:38
2316
საქართველოში სილამაზის სალონების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ, მათი რიცხვი 4000-მდეა. რაც შეეხება ინდუსტრიაში დასაქმებულების რაოდენობას, სალონების ფედერაცია ოფიციალურ წყაროებზე (შემოსავლების სამსახური) დაყრდნობით ამბობს, რომ პანდემიამდე სილამაზის სალონებში სულ 80 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

Bm.ge დაინტერესდა - რა ხდება დღეს სილამაზის ინდუსტრიაში, რომელსაც სხვა ბიზნესების მსგავსად, „ლოქდაუნის“ დამთავრების შემდეგ covid-რეგულაციების დაცვით და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ნებართვით უწევს მუშაობა. აღსანიშნავია ისიც, რომ სალონებმა გახსნის უფლება ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთ ბოლო ეტაპზე - მაისში მიიღეს. 

სალონების ფედერაციის თავმჯდომარე თამარ შარაშენიძე ამბობს, რომ covid-ის კრიზისის შედეგად ბევრი სალონი დაიხურა, თუმცა ზუსტ სტატისტიკას არ ფლობს.

„ძალიან ბევრი სალონი დაიხურა. განსაკუთრებით მოუწიათ დახურვა სალონებს, რომელთაც ფართები ნაქირავები ჰქონდათ. ზოგადად, ბოლო სამი თვის განმავლობაში სალონებში მომართვიანობამ 50%-ით იკლო და ვინც იჯარას იხდის, ფართზე უარის თქმა მოუწია, რადგან იმდენი შემოსავალი აღარ არის, რომ სალონმა თანამშრომლებიც არჩინოს და ქირაც გადაიხადოს; ამას ემატება covid-რეგულაციების დაცვა. ამდენად, ვფიქრობ, დახურული სალონები ვეღარ გაიხსნებიან, რადგან ფართები, რომელიც ნაქირავები ჰქონდათ, უკვე დათმეს”, - განაცხადა თამარ შარაშენიძემ.

რაც შეეხება მომსახურების საფასურს, მისი თქმით, „ლოქდაუნის“ დამთავრების შემდეგ, როცა მაისში სალონები გაიხსნა, ფასებმა მცირედით მოიმატა, რაც, ძირითადად, ლარის კურსის გაუფასურებით იყო განპირობებული.

„მას მერე, პანდემიის გამო სერვისი არ გაგვიძვირებია, პირიქით, ბევრი სალონი მომხმარებლებს აქციებს სთავაზობს, რომ როგორმე მიიზიდოს ადამიანები“, - აღნიშნა შარაშენიძემ.

სალონების ფედერაციის თავმჯდომარესთან საუბრისას bm.ge იმითაც დაინტერესდა, კონკრეტულად რომელ სერვისებზე აღარაა ან ნაკლებია მოთხოვნა - თამარ შარაშენიძე ამბობს, რომ გამოიკვეთა ვარცხნილობებზე მოთხოვნის შემცირება, ხოლო მაკიაჟზე მოთხოვნა, ფაქტობრივად, საერთოდ აღარაა. „ყველაფერი გაჩერებულია და მაკიაჟს ვინ გაიკეთებს?! პანდემიამ ყველაზე მეტად ამ სფეროს დაარტყა. კოსმეტოლოგიაც დაიჩაგრა, მაგრამ ასე თუ ისე მაინც მუშაობენ”, - დასძინა თამარ შარაშენიძემ.