მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტების ფასზე ექიმის ინტერესის გარდა ბევრი რამ მოქმედებს, მათ შორის მოსახლეობის განათლება - მაია მახარაშვილი

6195086d6c859
ინგა მურუსიძე
18.11.21 00:15
645
„ფარმაცევტულ ბიზნესში არსებობს კარტელური გარიგებები, რომელშიც ექიმები და ფარმაცევტები არიან ჩართული“, - ეს განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძეს ეკუთვნის. დეპუტატმა განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში გააკეთა, სადაც მედიკამენტების ფასებზე მსჯელობდნენ. ითქვა, რომ ფასები ძალიან მაღალია და ბაზარი კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს.

Bm.ge დეპუტატის განცხადების შესაფასებლად ხეჩინაშვილის კლინიკის ხელმძღვანელს მაია მახარაშვილს ესაუბრა.

„წარმოდგენა არ მაქვს რა კარტელურ გარიგებაზეა საუბარი. არ ვიცი რას გულისხმობდა დიმიტრი ხუნდაძე, თუმცა თუ იმაზეა საუბარი, რომ რომელიმე ფარმაცევტული კომპანია რომელიმე ექიმს ინტერესს აძლევს, ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია და მისი მოგვარების მექანიზმებიც არსებობს. ზოგადად, პრობლემა ვიცით რაც არის, მედიკამენტი ძვირია, ჯანდაცვაში ჯიბიდან გადახდების წილი მოდის დიაგნოსტიკაზე. ეს არის მოცემულობა, რაც ციფრებში გამოიხატება.

თუმცა ამაზე ძალიან ბევრი რამ მოქმედებს, ეს არის მოსახლეობის განწყობა, რეკლამა მოქმედებს, მეზობელი ეუბნება ადამიანს, რომ ესა თუ ის მედიკამენტი კარგია და ისიც მიდის, ყიდულობს. იყო მცდელობა, რომ რეცეპტების გამოწერით დარეგულირებულიყო საკითხი, თუმცა ამან არ იმუშავა. მეორე მხარეა, რომ შეიძლება კონკრეტული ექიმი კონკრეტულ მედიკამენტს ნიშნავდეს და ეს უკვე სხვა თემაა. ბევრი მექანიზმია ალბათ, რითაც შეიძლება პროცესი იმართოს“, - განაცხადა მაია მახარაშვილმა.

კლინიკის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ზოგადად, ყველამ იცის, რომ სფეროში პრობლემები არის, თუმცა გამოსავლები საკმაოდ კომპლექსურია და ამოსავალი ალბათ არის ის, რომ მედიკამენტი არის ძვირი და ჯიბიდან გადახდები უნდა შემცირდეს.

„ძალიან ბევრი ფაქტორი მუშაობს მედიკამენტის ფასზე, მათ შორის მოსახლეობის განათლება, ნდობა თავიანთი ოჯახის ექიმის მიმართ და იმის ყიდვა, რასაც დაუნიშნავს ის და არა მეზობლის იდეის გათვალისწინება და ა.შ. რაც შეეხება ბაზრის დარეგულირებას, ჯერ არ ვიცით, რა ფორმით იგეგმება ეს, თუმცა სრულად დაურეგულირებელი ალბათ ვერ იქნება“, - აღნიშნა მახარაშვილმა.