მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი: 4 მლნ პირბადე დაგვეხმარება, რომ რამდენიმე თვე ჩვენი ექიმები იყვნენ უსაფრთხოდ

5e98b0e42279d
BM.GE
16.04.20 23:22
591
კოვიდთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი უკვე იყო გადმორიცხული ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მხრიდან, მაგრამ ამას გარდა, დღეს კიდევ მივიღეთ საჩუქარი - 4 მილიონი პირბადე, რომელიც ფონდი ქართუს მიერ იქნება შეკვეთილი და დაფინანსებული ჩვენი სამედიცინო სექტორისთვის-ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს განსაკუთრებით აუცილებელია სამედიცინო სექტორის დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შენატანს. 4 მილიონი პირბადე ეს ის რაოდენობაა, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო მარაგს რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს არის ერთჯერადი სამედიცინო პირბადე, რომელიც, პირველ რიგში, იქნება მიმართული სამედიცინო სექტორისთვის. ეს ძალიან დაგვეხმარება, რომ ჩვენი ექიმები იყვნენ უსაფრთხოდ“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში მოქალაქეებისთვის პირბადეების დეფიციტია, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ადგილობრივმა ბიზნესმა ძალიან მალე შეძლო ახალი წარმოების დაწყება. მაია ცქიტიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მოსახლეობას დახმარებას უწევს სხვადასხვა სახით.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას, ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ბიზნესმენს, ორგანიზაციას, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს, როგორც ფულადი შენატანის, ასევე ნებისმიერი სხვა დახმარების სახით, რომელსაც უხვად ვხედავთ ამ პერიოდის განმავლობაში. დაახლოებით 80 ათას ადამიანს გადაეცა სხვადასხვა სახის დახმარება, სხვადასხვა მოხალისეების, ორგანიზაციებისა და ბიზნეს სუბიექტების მიერ და ესეც არის გამოხატულება იმ ჩვენი სოლიდარობის , რომელიც ასე გვახასიათებს გაჭირვებისას განსაკუთრებით და ძალიან დასაფასებელია თითოეული ადამიანის მცირე შენატანიც კი“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.