მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი "ანაკლიის კონსორციუმს" მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

5dea4fdc3a080
BM.GE
06.12.19 16:52
768
დღეს ვნახე ლევან ახვლედიანის კომენტარი, რომ პოლიტიკური ინტერესები გვერდზე უნდა გადავდოთ და პროექტზე ვიფიქროთ. ვეთანხმები სრულად, რომ პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური თამაშები გვერდზე გადავდოთ და რა თქმა უნდა, ვიფიქროთ ქვეყნის ინტერესებზე. შესაბამისად, ვაღიაროთ, რომ ვერ ახორციელებენ ამ პროექტს და მისცენ სახელმწიფოს საშუალება ყოველგვარი დავის გარეშე გადავიდეს პროექტის შესრულების შემდეგ ფაზაზე, - აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პროექტის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვების პასუხად.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანას სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და რაც შეიძლება მალე. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელებსაც არაერთხელ უთქვამთ რამდენად მნიშვნელოვანია არ გამოვტოვოთ ის მომენტი, როდესაც შავ ზღვაზე აქტიური კონკურენციაა პორტებს შორის და ამ დროს ჩვენ გვჭირდება, რომ ეს პორტი სწრაფად შევიყვანო ექსპულატაციაში. ამ პირობებში, ჩვენ გვყავს ისეთი პარტნიორი, ინვესტორი, რომელსაც სამწუხაროდ აქვს სირთულეები, პირველ რიგში, დაფინანსების მოპოვებაში და შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელებაში და ეს გრძელდება ბოლო ორი წლის განმავლობაში. ალბათ, უნდა შევთანხმდეთ ყველანი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტის სისრულეში მოყვანა, ორი წლის განმავლობაში კი უშედეგოდ ხდება გადავადება და ახლა, როდესაც ორწლიანი ვადა იწურება ამ თვის ბოლოს, არანაირი პერსპექტივა არ ჩანს არც ბანკებისგან 400 მილიონიანი სესხის მიღების, არც 120 მილიონის საკუთარი კაპიტალის მოზიდვის, ახალი ინვესტორის და შესაბამისად პორტის ოპერატორის შემოყვანის და ა.შ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ამ ფაქტთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, კონკრეტულ ინვესტორთან ურთიერთობის გაწყვეტა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პროექტის ჩაშლას. რაც შეეხება საარბიტრაჟო სასამართლოში შესაძლო დავას, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ სამწუხარო იქნება თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს კონსორციუმი, რადგან ეს ნამდვილად შეაფერხებს პროექტის სწრაფად განხორციელებას.