მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი: თითქოს ადამიანებს რამდენიმე სამსახურში მუშაობას ვუზღუდავთ, სპეკულაციებია

5d84de9abbf30
ლიკა გურაბანიძე
20.09.19 18:18
2676

„თითქოს ამით ჩვენ ადამიანებს და მით უმეტეს დაბალანაზღაურებად პირებს ერთ ან რამდენიმე სამსახურში მუშაობას ვუზღუდავთ, ეს უბრალოდ სპეკულაციებია,“ - ამის შესახებ "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტის ავტორმა, ქართული ოცნების წევრმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა "ანალიტიკის" ეთერში განაცხადა.

კერძოდ, ცქიტიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეთექვსმეტე მუხლის მე-5-ე პუნქტის მიხედვით, მოქალაქეებს შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება შეეზღუდოთ, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს.

„ეს კანონპროექტი პრინციპში ინიცირებულიც არ არის და დაინტერესებული მხარეებისთვის სადისკუსიო რეჟიმშია წარმოდგენილი. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონის მიზანი არა თუ ვიღაცის უფლებების შეზღუდვაა, არამედ არის უფლებების სტანდარტის შექმნა და ნებისმიერ დამსაქმებელს ამ უფლებების დარღვევას შეუზღუდავს.

ადამიანი თუ იძულებული გახდება იმაზე მეტი დრო იმუშაოს, ვიდრე სტანდარტით არის განსაზღვრული და მისთვის ეს მიუღებელი იქნება, ვერავინ ამ მიზეზით ვერც ხელფასს დაუქვითავს და ვერც სამსახურიდან გაუშვებს.

ცალსახად ეს არის დასაქმებულებზე მორგებული საკითხი, რომელიც ევროდირექტივიდან გამომდინარე გარკვეულ სტანდარტს საზღვრავს და ეს სტანდარტი მეტნაკლებად უკვე მოქმედ რედაქციაში გაწერილია, მაგრამ სამწუხაროდ მაშინდელი რედაქციის მიღებისას გარკვეული ცვლილებების შეტანა მოხდა, რომლითაც ამ სტანდარტის აღსრულება ბოლომდე შესაძლებელი ვერ იყო და ახლა დაზუსტება ხდება.

თითქოს ამით ჩვენ ადამიანებს და მითუმეტეს დაბალ ანაზღაურებად პირებს ერთ ან რამდენიმე სამსახურში მუშაობას ვუზღუდავთ, ეს უბრალოდ სპეკულაციებია“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.