მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება კონსორციუმის პრობლემებთან კავშირში არ არის

5e16d6e6c472d
ინგა მურუსიძე
09.01.20 11:40
864
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება კონსორციუმის პრობლემებთან კავშირში არ არის.

როგორც ცქიტიშვილმა კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ განაცხადა, ამ თემაზე ყველანაირი განცხადება სპეკულაციაა და სიმართლესთან კავშირი არ აქვს.

"ანაკლიის განვითარების კოსნორციუმის მხრიდან ისმოდა პრეტენზიები, თითქოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული საგამოძიებო პროცესი გახლდათ ძირითადი ხელის შემშლელი პირობა ამ პროექტისთვის ინვესტორების მოძიების. მინდა გავუსვა ხაზი იმ ვადებს, რაც დაირღვა. გამოძიების პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა 2019 წლის დასაწყისში, მაშინ როდესაც ამ პროექტს სირთულეები ჰქონდა ჯერ კიდევ 2017 წლიდან. მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ინვესტორთან გაფორმდა 2016 წლის შემოდგომაზე, 2017 წლის აგვისტოდან უნდა დაეწყოთ სასესხო ხელშეკრულებები და ამ დროიდან ჩვენ დავიწყეთ ვალდებულებების მუდმივი გადავადება, 2019 წლის ბოლომდე. მიუხედავად გამოძიების დაწყებისა და მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმის მხრიდან მუდმივად ისმოდა ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქმედებებით ვუშლით ხელს პროექტის განხორციელებაში, ჩვენ რეალურად ვხედავდით, რომ პროცესი და მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა. ბოლო მოლაპარაკება 2019 წლის მაისში ჩატარდა. ხელის შემშლელი იყო არა გამოძიების პროცესი, არამედ კონსორციუმის მხრიდან არასათანადო გარანტიების წარმოდგენა, რათა ბანკებს გაეცათ სესხები", - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ინვესტორებისგან დაფინანსებაზე უარის თქმის ძირითადი მიზეზი სათანადო პირობების არწარმოდგენა იყო.  

"ნებისმიერი სახის სპეკულაცია ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში, ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ დაწყებული გამოძიების შესაძლო დაკავშირება იმ პრობლემებთან, რომელიც კონსორციუმს ჯერ კიდევ 2017 წლიდან აქვს, არის უადგილო", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.