მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილის მტიცებით, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით დასაქმებულებს მოტივაცია გაეზრდებათ

5dc19f7a16342
BM.GE
05.11.19 20:45
982
შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები დაინტერესებულ მხარეებთან მესამე საჯარო შეხვედრას მართავენ. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობს და მხარეები შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციასა და კონსულტაციის მექანიზმებთან დაკავშირებულ ნორმებს განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც შრომის კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, უნდა შეიქმნას კანონი, რომელიც ჩამოაყალიბებს შრომით კულტურასა და მექანიზმს შრომითი ურთიერთობების ეფექტურად სამართავად. მისივე თქმით, ბიზნესის ნაწილი პოზიტიურადაა განწყობილი და ემხრობა შრომის კოდექსის რეფორმას.

„არ არსებობს ცალსახა, ერთიანი პოზიცია. ბიზნესმენების ნაწილი პოზიტიურად უყურებს ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ცვლილებების შედეგად, დასაქმებულებს მოტივაცია გაეზრდებათ. ის, რომ რეგულაციები ადრე თუ გვიან დაინერგება, ამაზე ბიზნესთან ვთანხმდებით. საჭიროა, რომ იყოს პროგნოზირებადი გარემო, ყველასთვის თანაბარი თამაშის წესები. ეს უკავშირდება ახალი საინვესტიციო გარემოს შექმნას. ბიზნესი, რომელიც საქმეს აკეთებს ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ბოლომდე შეეწინააღმდეგება ამ რეგულაციებს"- აღნიშნავს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ანალოგიური პოზიცია აქვს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარესაც. ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესი, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, შრომის კოდექსის რეფორმას ემხრობა. მისივე თქმით, აბსურდულია ის მოსაზრება, თითქოს რეფორმა ჩრდილოვან ეკონომიკას გაზრდის.

"ადამიანები იტანჯებიან გაუსაძლისი მდგომარეობით. მხოლოდ სიდუხჭირის კი არა, უუფლებობის გამოც გარბიან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ. იკითხეთ თქვენ გარშემო, რას ნიშნავს ზეგანაკვეთური შრომა, რას ნიშნავს სამუშაო დრო, შვებულების არ ქონა? როცა კანონმდებლობა არ გივარგა, ვერაფერზე გექნება პრეტენზია. ეს შრომის კოდექსი გამოასწორებს ყველაფერს საკანონმდებლო დონეზე", - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. კანონპროექტის მომზადებასა და მისი საჯარო განხილვების ორგანიზებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA).