მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: Frontera-მ სალიცენზიო ფართობის 99% უკან დაგვიბრუნა

5ef470afcc792
შოთა ტყეშელაშვილი
25.06.20 14:08
1469
“Frontera-მ თავისი სალიცენზიო არეალის 99% უკვე სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნა,”-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ამასთანავე, მინისტრის თქმით, სახელმწიფო მზად არის Frontera ნავთობისა და გაზის მოპოვების სექტორში ერთ-ერთ ინვესტორად შეინარჩუნოს, რისთვისაც კომპანიას მოლაპარაკებათა მაგიდასთან იწვევს. ნათია თურნავა აცხადებს, რომ Frontera-სთან მოლაპარაკებების მზადყოფნა მას აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განუმტკიცდა.

"თითოეული ამერიკული ინვესტიცია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამერიკულ ინვესტიციებს შორის არის კომპანია Frontera-ც, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ აქამდეც ცივილიზებულად ვიქცეოდით და როდესაც გაჩნდა კითხვები რამდენად სრულდებოდა ამ კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი მივანდეთ საერთაშორისო არბიტრაჟს. საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით ჩვენ პოზიტიური პასუხი მივიღეთ ქართული მხარის მიერ დასმულ პრაქტიკულად ყველა საკითხზე. ამას ადასტურებს ისიც, რომ 99% თავის სალიცენზიო არეალი ფრონტერამ დააბრუნა უკვე სახელმწიფო საკუთრებაში.

მაგრამ, ჩვენ ვართ მზად ძალიან პოზიტიური და საგნობრივი დიალოგისთვის, რომელიც შეეხება იმას, რომ კომპანია Frontera-ს მიეცემა შესაძლებლობა გააგრძელოს საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე იმ დარჩენილი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, რაც მას გააჩნია. ჩვენ მზად ვართ და მოქნილები ვართ ვისაუბროთ ვადებზე, ვისაუბროთ პირობებზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ იქ 90-მდე ადამიანი არის დასაქმებული. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ კომპანია Frontera-მ შეწყვიტოს არაფრისმომცემი საჯარო კამპანია და მიუსხდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ჯერ-ჯერობით ისინი თავს არიდებენ ჩვენთან სასაუბროდ მაგიდასთან დაჯდომას. მოვუწოდებ, ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აწუხებთ.

აშშ-ის ელჩთან შეხვედრამ განგვიმტკიცა ის პოზიტიური მზადყოფნა დიალოგისთვის, რაც Frontera-სთან მიმართებით ჩვენ ჩამოგვიყალიბდა. ჩვენ ხელში გვიჭირავს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება და აქ კითხვის ნიშნები არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ კომპანია Frontera, როგორც ამერიკული ინვესტიცია, ელჩთან საუბარმა ჩვენ ეს გაგვიმტკიცა.
მოვუწოდებ Frontera-ს მობრძანდით, მივუსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას,"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

Frontera-ს პასუხი ეკონომიკის სამინისტროს

კომპანიამ გუშინ გავრცელებული განცხადებით ნათია თურნავას მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. Frontera აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფა უნდა შეწყვიტოს.

"2020 წლის 22 ივნისს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მცდარი საჯარო განცხადება გაავრცელა. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში უგულებელყოფა. საქართველოს მთავრობამ ვერ მიაღწია "ფრონტერასთან" საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით ხელშეკრულების გაუქმებას. საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს უსასრულო მუქარა იმასთან დაკავშირებით, რომ 27 ივლისს თვითნებურად გააუქმებს კონტრაქტს", – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, "საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს".

"ის, რომ მინისტრის მოადგილე მუდმივად საწინააღმდეგოს ამტკიცებს, არასწორია. მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გაჩერდეს და თავი დაანებოს მუდმივ მუქარას, შევიწროებას, ჩვენი ბიზნესისა და მისი თანამშრომლების დაშინებას. კონტრაქტის თვითნებურად გაუქმება, შეწყვეტა ან ჩვენი კომპანიის ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მითვისების სხვა მცდელობები არის უკანონო, კრიმინალური ექსპროპრიაციის აქტი. ამ კვირაში ეკონომიკის მინისტრმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია შეერთებული შტატებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ "2020 წლის პირველ კვარტალში აშშ–ის ინვესტიციები გაიზარდა 34%-ით და აშშ-მა დაიკავა მეორე ადგილი ყველაზე მსხვილ ინვესტორთა შორის". ეს არის სავალალო მცდელობა, დაფარონ ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლის წინაშე აშშ-ს კერძო სექტორის ინვესტიციები დგას", – აღნიშნულია განცხადებაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, საარბიტრაჟო დავის შემდეგ სახელმწიფო მზადაა, გამონახოს კომპრომისი, რათა ფრონტერამ საქართველოში საქმიანობის გაგრძელება შეძლოს.

ქართულ მხარესა და Frontera-ს შორის დავა საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო და ნავთობისა და გაზის კორპორაცია ამერიკულ კომპანიას 1997 წლის ხელშეკრულების დარღვევას ედავებოდა. საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ Frontera-მ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების ნაწილი ვერ შეასრულა. სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო არაა, შესაბამისად საზოგადოებისთვის არაა ცნობილი ზუსტად GOGC-ის რა არგუმენტები გაიზიარა სასამართლომ და რა იყო ამ დავის დეტალები.

შესაძლო ახალი ინვესტორი საქართველოს ნავთობის მოპოვების სექტორში:

დღეს, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობამ შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვების ლიცენზია ნავთობკომპანია OMV Petrom-ს მიანიჭა. კომპანია ავსტრიული ენერგოკომპანია OMV ჯგუფის წევრია.

საუბარია სამეგრელო-ზემო სვანეთის შავი ზღვის სანაპიროს მიმდებარედ, 5,282 კვადრატული კილომეტრის ფართობზე ნავთობის კვლევა-ძიებისა და მოპოვების ლიცენზიაზე.