მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს ნერგები, რომლებიც კეთილდღეობას და ქვეყნის წინსვლას მოიტანენ“

6278c73de4971
თათია ჩაფიჩაძე
14.05.22 21:33
2825
დმანისის რაიონის სოფელ სარკინეთში „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია" ოფიციალურად გაიხსნა. სკოლა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში, უპრეცედენტო არაკომერციული კერძო ინიციატივიაა, რომელიც მიხეილ სვიმონიშვილის, თინათინ მახარაძისა და მათი შვეიცარიელი თანამოაზრის ფილიპ ეგერის რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგია. შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით შექმნილი კოლეჯი მეცხოველეობასა და რძის გადამუშავებაშია სპეციალიზირებული, მისი ჯამური ინვესტიცია კი 5 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

„ჩემი ოცნება იყო რომ ქვეყანას ჰქონოდა შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი სასწავლებელი, ისეთი როგორიც მე ვნახე შვეიცარიაში.15 წელი ვამუშავებდი ამ პროექტს, 2-3 წელი ვაშენეთ, ვგეგმეთ, შვეიცარიის მთავრობა დაგვეხმარა, უამრავი შვეიცარიული ფონდი, ასევე კერძო ინიციატივაა, ეს საჩუქარია საქართველოსთვის.

განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია, ისე წინ ვერ წავალთ. პროფესიული განათლება ქვეყნის წინსვლისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვისერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ოღონდ ხარისხიანი. ჩვენ მეტ-ნაკლებად დავიწყეთ ეს, ვართ პიონერები და იმედი გვაქვს, რომ ეს პირველი ნაბიჯი იქნება წარმატებული. ჩვენი სტუდენტები იმ ახალი საქართველოს ნერგები უნდა იყვნენ, რომლებიც კეთილდღეობას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას მოიტანენ.

ვულოცავ მთელ საქართველოს ამ სკოლის გახსნას. თუ ადამიანს სოფლიე მეურნეობის დაკავება უნდა, მას წარმატებული ბიზნესი უნდა ჰქონდეს. მარტო ძროხის მოვლა არ უნდა იცოდეს. სკოლის კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს ყველაფერი, რომ მისი ბიზნესი წარმატებული იყოს. სხვანაირად რთულია მაგალითად ხევსურეთი შევინარჩუნოთ. ერთადერთი შენარჩუნების გზაა, თუ მას საკმარისზე მეტი შემოსავალი ექნება, რომ ბევრ რამეზე თქვას უარი, დასახლდეს და იმუშაოს მთაში.

ბევრი მოდელია შვეიცარიაში, თუ არ გაქვს ასეთი სასწავლებელი დამთავრებული, მთავრობას კრედიტს არ გაძლევს. ჩვენც უნდა მოვახერხოთ კარგი გაგებით ამის ლობირება, რომ ამ ბავშვებს ვინც ცოდნით იქნებიან, ყველანაირი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ როგორც კერძო სექტორისგან, ბანკებისგან, ისე სახელმწიფოსგან და კერძო ინვესტორებისგან. ჩვენ ამ თანამშრომლობის შეკვრაში დავეხმარებით. ჩვენი წარმატება ჩვენი სტუდენტების წარმატება იქნება“, - განაცხადა bmg-თან საუბრისას ბიზნესმენმა მიხეილ სვიმონიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარელებს 33 ყველის საწარმო და სკოლა ქვემო ქართლში ჯერ კიდევ 19 საუკუნეში ჰქონდათ, სწორედ ამ ისტორიის გაცოცხლებისა და პროფესიული განათლების სფეროში უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, პროექტის მთავარ პარტნიორად შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა - პლანტა ჰოფი შეირჩა, რომელმაც უზრუნველყო სასწავლო პროგრამების შედგენა, მასალების შერჩევა, სასწავლო საწარმოების დაგეგმვა და მასწავლებლების გადამზადება.

2021 წლიდან კოლეჯი ავტორიზებულია განათლების სამინისტროს მიერ დაორ პროფესიულ პროგრამას: ფერმერი და რძის პროდუქტების წარმოებას ახორციელებს. გარდა ამისა, ფერმერებსა და მოყვარულებს კოლეჯი მოკლევადიან ტრენინგებსაც სთავაზობს მეცხოველეობისა და რძის პროდუქტების წარმოების მიმართულებით.

თეორიულ სწავლებასთან ერთად, სკოლა უზრუნველყოფილია სტუდენტების პრაქტიკული განათლებაც. ამ მიზნით, კოლეჯის ტერიტორიაზე მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა ფუნქციონირებს. სკოლის ინფრასტრუქტურა ასევე 30 სტუდენტზე გათვლილ საცხოვრებელ კამპუსსა და მოწვეული მასწავლებლებისთვის მცირე ზომის სასტუმროს მოიცავს .

პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით, ასევე საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომელმაც კოლეჯს 250 ათასი დოლარის დონაცია გადასცა.

კოლეჯის პარტნიორებს შორის არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია. 2022 წლის საშემოდგომო მიღებაზე კოლეჯში რეგისტრაცია უკვე დაიწყო.