მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცუკერბერგი: დონალდ ტრამპის Facebook და Instagram გვერდებს მინიმუმ ორი კვირით დავბლოკავთ

5ff7345c5ff78
BM.GE
07.01.21 19:56
3714
Facebook-ი დონალდ ტრამპის გვერდს მინიმუმ მომდევნო ორი კვირის განმავლობაშიც დაბლოკავს - ამის შესახებ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებული პოსტით განაცხადა. ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები ისედაც მძიმე პოლიტიკურ ვითარებას დამატებით ამწვავებს.

"კონგრესის მიერ არჩევნების შედეგების დამტკიცების შემდეგ, მთელი ქვეყნის პრიორიტეტი ინაუგურაციამდე დარჩენილი 13 დღის მშვიდობიანად და დემოკრატიული ნორმების დაცვით გატარება უნდა იყოს. 

უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტს მივეცით საშუალება, რომ გამოეყენებინა Facebook-ის პლატფორმა იმ წესების შესაბამისად, რომლებიც Facebook-ის მიერ არის დადგენილი. შესაბამისად, ჩვენ პერიოდულად ვშლიდით მის პოსტებს, რომლებიც ჩვენს წესებს არღვევდნენ. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებდით, რომ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას აქვს უფლება პოლიტიკური გამოხატვის მაქსიმალურად ფართო სპექტრზე ჰქონდეს წვდომა, მათ შორის ისეთ გამოხატვაზეც, რომელიც შეიძლება კონტროვერსიული იყოს. 

თუმცა, ამჟამად არსებული კონტექსტი ფუნდამენტურად განსხვავებულია, ხოლო ჩვენი პლატფორმა კი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ ძალადობრივი მოწოდებების სივრცედ შეიძლება იქნეს გამოყენებული. 

ჩვენი შეხედულებით არსებულ ვითარებაში აშშ-ის პრეზიდენტისთვის ჩვენი პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობის მიცემა ძალიან დიდ რისკებს შეიცავს. შესაბამისად, გავახანგრძლივებთ მისი Facebook-ის და Intagram-ის გვერდების ბლოკს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, იქამდე, სანამ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება არ დასრულდება,"- წერს მარკ ცუკერბერგი. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კონგრესმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები, რომლის მიხედვითაც მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ვიცე-პრეზიდენტი კი - კამალა ჰარისი. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.  

ამ სხდომას წინ კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერთა ნაწილის შეჭრა უძღვოდა, რასაც კონგრესმენთა ევაკუაცია მოყვა. არეულობის დროს მომხდარ გასროლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არჩეულმა პრეზიდენტმა ჯონ ბაიდენმა მომხდარი დონალდ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს დაუკავშირა. თავად ტრამპმა კი განაცხადა, რომ მას არჩევნები "მოპარეს", მაგრამ მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა.

შექმნილი ვითარების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პოლიციის ინფორმაციით დაიღუპა 4 ადამიანი. მათ შორის არის ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში სროლისას დაიჭრა. სამმა პირმა კი დაზიანებები არეულობის დროს მიიღო. დააკავეს სულ მცირე 52 ადამიანი.