03.თებერვალი .2021 13:39

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების მიმოხილვა

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების მიმოხილვა
views 357
უკან

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-იან დონეზე დარჩა.

დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7246.1 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 ნოემბრიდან 1 იანვრამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 1100-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6845.7 მილიონიდან 7246.1 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

124400 ხელშეკრულებიდან 36100 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 965.7 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრის მდგომარეობთ 13.07% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 იანვრის მონაცემებით 54300 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.66%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2646.1 მილიონი ლარია.

30000 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 ნოემბერთან შედარებით 2700-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3397.7 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1089.6 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12.87%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 იანვრის მონაცემებით 2308.1 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.88%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 იანვრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.4 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 12.63%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3100 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 100.2 მილიონი ლარია.

1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.7%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 14.88%, ხოლო ყველაზე დაბალი - იპოთეკურ სესხებზეა - 11.60%.

1 იანვრის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 14.67%-დან 14.88% -მდე ხოლო, შემცირებულია ავტო სესხზე - 13.25%-დან 12.63%-მდე.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ იანვარში წლიური ინფლაცია 2.8 %-ით განისაზღვრა, ინფლაციური ზეწოლა ფასების მსხვილ და მნიშვნელოვან ჯგუფებზე თვალშისაცემია (სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ჯანდაცვა, საოჯახო ნივთები). წლიური ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზე შენარჩუნება კომუნალური გადასახადების სუბსიდირების დროებითი შედეგია, რაც საშუალო და გრძელვადიან საპროგნოზო ინფლაციაზე გავლენას ვერ მოახდენს, შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელსაც შენარჩუნებული სუსტი ერთობლივი მოთხოვნის ფონზე თეორიულად ფასებზე ინფლაციური ზეწოლა შერბილებული უნდა იყოს, 2021 წელს საშუალო ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი იქნება და საშუალოდ დაახლოებით 4%-ს შეადგენს, რაც მსოფლიოში სასაქონლო ფასების მატებას შეიძლება დავუკავშიროთ (ნავთობი და ა.შ.). შემცირებული რჩება საგარეო მოთხოვნა, რაც ერთი მხრივ ინფლაციურ ზეწოლას უნდა ამსუბუქებდეს ფასებზე, თუმცა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გავლენა ამ ეფექტს ანეიტრალებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების არგუმენტად ასევე მოყვანილია დოლარიზაციის მაღალი დონე, რაც ეკონომიკაზე იმპორტირებული ინფლაციის გადაცემის ეფექტს საგრძნობლად ზრდის.

შესაბამისად, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარების ხანგრძლივობა შესაძლოა გაიზარდოს მომავალში ფორმირებული მოლოდინებისა და ერთობლივი მოთხოვნის გათვალისწინებით. მიმდინარე შეზღუდვები ერთობლივ მოთხოვნაზე და მიწოდებაზე (წარმოების ხარჯების ზრდა) ნეგატიურად მოქმედებს, რაც გაურკვევლობას საგრძნობლად ზრდის. შესაბამისად, 2021 წლის დასაწყისში მზარდი რისკების გამო, ნაკლებად მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილება. 2021 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება მნიშნელოვნად იქნება დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე.