12.ოქტომბერი .2021 20:47

ცვლილება "უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში - უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხულებსაც სტუდენტის სტატუსი ექნებათ

ცვლილება "უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში - უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხულებსაც სტუდენტის სტატუსი ექნებათ
views 626
უკან

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს "უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებაზე.

კანონის მოქმედი რედაქციით, სტუდენტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კი აღნიშნული პირებიც მოექცევიან კანონმდებლობით დადგენილი სტუდენტის ცნების ქვეშ.

„წარმოდგენილი კანონის მიხედვით სტუდენტის ცნებას დაემატება ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, სტუდენტი იქნება ასევე საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, რომელიც ჩაირიცხება უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოქმედი რეგულაციით ამ პირებს არ ჰქონდათ სტუდენტის სტატუსი, რომლებიც ჩარიცხული იყვნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“,- აღნიშნა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ.

„ამ საკანონმდებლო ცვლილების იდეა არის ის, რომ ერთიანი ტერმინოლოგია არსებობდეს სტუდენტის განსაზღვრებასთან დაკავშირებით. ჩვენი კანონმდებლობიდან ჩანს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი გახდა საჭირო, ვინაიდან ტერმინი სტუდენტი არ მოიცავდა იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად არიან სტუდენტები, თუმცა არ არიან საქართველოში სტუდენტები, ამიტომ მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიური ერთიანობა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭი უყარეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა