მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილებები ინტერნეტისა და მობილური ქსელების აბონენტებისთვის - ვინ ემხრობა და ვინ არა რეგულაციებს?

60804d2ccb857
სალომე მეცხვარიშვილი
21.04.21 21:23
1328
თქვენი თანხმობის გარეშე ინტერნეტის ან მობილური მომსახურების ახალ, ფასიან პაკეტებს ვეღარ ჩაგირთავენ; უცხოეთში როუმინგით სარგებლობის დროს კი თქვენი ბალანსის გადახარჯვა აღარ მოხდება, რადგან ფასიანი პაკეტის ამოწურვის შემდეგ თქვენ მომსახურებას ვეღარ მიიღებთ, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ბალანსი მინუსებში არ წავა; კომპანიებს ასევე ეკისრებათ ვალდებულება მომსახურების პირობის ცვლილების შესახებ მომხმარებელს ინფორმაცია 10 სამუშაო დღის ნაცვლად, ერთი თვით ადრე მიაწოდონ - ეს არის არასრული ჩამონათვალი ცვლილებებისა, რომელიც ძალაში მომდევნო წლიდან შედის და რომელიც კომუნიკაციების კომისიამ დაამტკიცა.

“საქმის კურსის” ინფორმაციით, ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია აქვთ მსხვილ ინტერნეტ და მობილურ ოპერატორებს, თუმცა, მათი ნაწილი ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს ან მოკლე კომენტარით შემოიფარგლება. როგორც “საქმის კურსს” “მაგთიკომში” განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ მიიღო განახლებული რეგლამენტი, მუშაობა მასზე ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული.

“დასახვეწი/დასაზუსტებელია მთელი რიგი საკითხები. ამ ფაქტს კომისიაც ადასტურებს; შესაბამისად, სანამ რეგლამენტზე საბოლოოდ არ დასრულდება მუშაობა და ყველა საკითხი არ იქნება შეჯერებული, საუბარი მის დადებით ან ნეგატიურ მხარეებზეე ნაადრევია”,- აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება, შედარებით მცირე ოპერატორებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის შემუშავებულ ახალ რეგულაციებს ისინი დადებითად აფასებენ. “გლობალ სელში” მიაჩნიათ, რომ რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ კომუნიკაციების კომისიამ და ბიზნესმა ოქროს შუალედი იპოვნეს. როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, რეგულაციების დასანერგად ავტორიზებულ ოპერატორებს ტექნიკური და ადამიანური რესურსი დასჭირდებათ, თუმცა, რა თანხებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მსგავსი გადაწყობა, “გლობალ სელში” ამის დაზუსტება უჭირთ.

“ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებებზე მოითხოვს მთელ რიგ ტექნიკურ გადაწყობას სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მხრიდან. არსებობს რიგი უკმაყოფილებები რიგი კომპანიების მხრიდან შესაძლო დანახარჯების გამო, თუმცა, ჩემი გადასახედიდან მომხმარებლების ინტერესებზე ზრუნვა მნიშვნელოვანია”,- აცხადებს “გლობალ სელის” დირექტორი გიორგი მადუაშვილი “საქმის კურსთან” საუბრისას.

მისი თქმით, ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ ყველა სატელეკომუნიკაციო ოპერატორს მოუწევს, აბონენტებისთვის როუმინგის პაკეტების შეთავაზება, ბალანსის ამოწურვის შემდეგ კი მომსახურების შეწყვეტა. აღნიშნული კი მომხმარებლებს თავიდან აარიდებს მათ ბალანსზე დავალიანების დარიცხვას, როცა ამის შესახებ მათ თანხმობა გაცემული არ აქვთ.

გიორგი მადუაშვილი ამბობს, რომ “გლობალ სელს” ამ კუთხით ცვლილებების განხორციელება არ მოუწევს, რამდენადაც დღესაც მომხმარებელს როუმინგში კონკრეტული ღირებულების სანაცვლოდ კონკრეტულ პაკეტებს სთავაზობს.

ცვლილებებს დადებითად აფასებს კომპანია “ბილაინიც”. კომპანიაში “ვიონი საქართველოში” მიაჩნიათ, რომ მსგავსი რეგულაციები უფრო ადრეც უნდა დანერგილიყო, რადგანაც მომხმარებელთა უფლებების დღეს მოქმედი რეგლამენტი მოძველებულია და გამოწვევებს ვერ პასუხობს. რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, აბონენტის თანხმობის გარეშე ახალი ფასიანი სერვისების გააქტიურება აიკრძალა, "ბილაინში" ამბობენ, რომ ამ სქემით კომპანია არც აქამდე მუშაობდა.

“როუმინგის ახალი რეგულაციები ჩვენთვის კრიტიკული არ არის, რადგან ამ რეგულაციების 80% ისედაც დანერგილი გვაქვს. რაც შეეხება დანარჩენ 20%-ს, ეს ჩვენთვის არ არის კრიტიკული, გვაქვს დრო მათი იმპლემენტაციისთვის. რაც შეეხება მომსახურების აქტივაციას მომხმარებლის თანხმობის გარეშე, ჩვენ ტელეკომში ამას ვეძახით "ტოქსიკურ შემოსავალს" და ჩვენი კომპანია ამას არასოდეს იყენებდა, რომ აბონენტის თანხმობის გარეშე მიეღო "ტოქსიკური შემოსავალი”,- აცხადებს “საქმის კურსთან” “ბილაინის” იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი ესართია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარაკება ასე თუ ისე შედგა, კვლავ რჩება ღია საკითხები, რომლებზეც კომუნიკაციების კომისია და ბიზნესოპერატორები ვერ შეთანხმდნენ. მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი სადავო საკითხია - ოპტიკური ქსელის დაზიანების აღდგენის ვადები. როგორც ირკევა, კომუნიკაციების კომისიის შეთავაზებას არ ეთანხმებიან მსხვილი ოპერატორები, მცირე კომპანიები კი პირიქით, ფიქრობენ, რომ მარეგულირებლის მიერ შემოთავაზებული ვადა იმაზე მეტიც კია, ვიდრე დაზიანების აღმოფხვრისთვის არის საჭირო.

“დღევანდელი მოცემულობით, გარკვეული კატეგორიის ხარვეზის აღმოფხვრისთვის დადგენილია 360 საათი, კომისიის შემოთავაზება იყო 160 საათი ოპტიკის დაზიანების აღმოფხვრისთვის, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დრო შეიძლება ბევრად ნაკლებიც იყოს”,- აცხადებს “ბილაინის” იურიდიული სამსახურის უფროსი.

უჩა სეთურის განცხადებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტში გუშინ დამტკიცებული ცვლილებები მცირე ნაწილია და კიდევ უფრო მსხვილ საკითხებზე მხარეები ისევ იმსჯელებენ. მცირე ოპერატორებს მიაჩნიათ, რომ რეგულირების მეორე ნაწილი ბევრად უფრო მტკივნეული და სადავო შეიძლება აღმოჩნდეს.