27.სექტემბერი .2019 13:16

ცხოველთა რეგისტრაციის კერძო სექტორისთვის გადაცემა დაიწყო – რა თანხას დაზოგავს სახელმწიფო

views 196
უკან

გაერო–ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (სეს) ერთად, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის კერძო სექტორზე გადაცემის პროცესი დაიწყო. „ყვარლის ბაგა“ პირველი კომერციული ფერმაა, სადაც ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს დაქირავებული ვეტერინარების ნაცვლად, თავად ფერმის ვეტერინარები განახორციელებენ.

„ყვარლის ბაგასა“ და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. მხარეთა შორის ხელმოწერის ცერემონიალს FAO-ში ერითრეას, ნიგერიის, ბანგლადეშის, ბრაზილიის, საუდის არაბეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაციის წევრებიც დაესწრნენ. ისინი საქართველოში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით მიმდინარე პროცესების შესწავლის მიზნით, ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მიხეილ სოხაძის განმარტებით, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების ამ ეტაპზე კერძო სექტორზე, მოგვიანებით კი, თავად ფერმერებზე დელეგირება, ევროპისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„2012 წლიდან ფერმერებისათვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა სრულიად უფასოდ ხორციელდება, რაშიც სახელმწიფო ყოველწლიურად 4.5 მილიონ ლარს ხარჯავს და ქირაობს დაახლოებით 600-700 ვეტერინარს ან ვეტფერშალს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით შედიან თითქმის ყველა ფერმაში. დელეგირების პროგრამა, რომელიც დაიწყო სააგენტოსა და „ყვარლის ბაგას“ შორის, პირველი ნაბიჯია უფლება-მოვალეობების ჯერ კომერციულ, მოგვიანებით კი ყველა ფერმერზე გადასაცემად“, - განმარტავს სოხაძე.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის განახლებულ სისტემას სურსათის ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან FAO-სთან ერთად, ავსტრიისა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ნერგავს. პროგრამის ფარგლებში, სააგენტო ახდენს ქვეყნის მასშტაბით არსებული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირებას, ხოლო ინფორმაცია ცხოველისა და მისი მფლობელის შესახებ აისახება სეს-ის ელექტრონულ ბაზაში.

FAO-ს და სააგენტოს მიაჩნიათ, რომ კერძო სექტორი მზადაა ამ პასუხისმგებლობის ეტაპობრივად ასაღებად. დელეგირების პროცესით სახელმწიფო ყოველწლიურად თითო ფერმაზე დაზოგავს დაახლოებით 3000 ლარს, რაც კერძო სექტორის სტიმულირებისათვის საჭირო აქტივობებზე გადანაწილდება.
„იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის უფლება-მოვალეობები, ეტაპობრივად, კერძო სექტორს გადაეცემა. ამ ეტაპისათვის შერჩეულია ისეთი ფერმები, სადაც ადგილზე წარმოდგენილი არიან ვეტერინარები. წინა წლების მსგავსად, სააგენტო ამ ფერმებს მიაწვდის საყურე ნიშნებს და მისცემს ელექტრონულ ბაზასთან წვდომის უფლებას, ხოლო 2021 წლიდან, როცა DCFTA-ის ფარგლებში მიღებული კიდევ ერთი კანონი ამოქმედდება, ამ პროცესზე თავად ფერმერები იქნებიან პასუხისმგებლები,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის სამმართველოს უფროსმა ზვიად ასანიშვილმა.

თავის მხრივ, „ყვარლის ბაგას“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათთვის დიდი პატივია FAO-სა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივ პროექტში მონაწილეობის მიღება.

„ერთიანი რეგისტრაცია სისტემატიზაციის დანერგვა საშუალებას მისცემს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სპეციალისტებს შეაფასონ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მიიღონ სათანადო ზომები, მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემდგომი განვითარების მიმართულებით", - განაცხადეს „ყვარლის ბაგას“ წარმომადგენლებმა.

NAITS პროგრამის განხორციელება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა