მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ცხოველთა საკვების ღირებულება 30-40%-ით გაზრდილია“ – „ინვეტი“ მიზეზებს განმარტავს

61960954a62ca
ვიქტორია მღებრიშვილი
18.11.21 23:00
2634
მიმდინარე წლის 9 თვეში ხორბლის იმპორტი 15.6%-შემცირდა და 282 866.82 ტონა იმპორტირებული პროდუქტის ღირებულებამ 67.8 მლნ დოლარი შეადგინა. ხორბლის იმპორტიორების განმარტებით, იმპორტის შემცირების მიზეზი ხორბალზე გაზრდილი საერთაშორისო ფასები და მთავარ საიმპორტო ბაზარზე ხორბლის საბაჟო გადასახადის ზრდაა, რომელიც დღეისთვის 1 ტონაზე 77 დოლარს შეადგენს.

დარგის წარმომადგენლები BM.GE-სთან საუბრისას განმარტავენ, რომ ხორბლის იმპორტის გაძვირებითა და შემცირებით ადგილობრივ ბაზარზე გამოწვევების წინაშე არამხოლოდ წისქვილკომბინატები დგებიან, არამედ ეს დიდ გავლენას მეცხოველეობის დარგზეც ახდენს, რადგან გადამუშავებულ ხორბალს მეცხოველეობის დარგი საკვებად მოიხმარს. მეცხოველეობის დარგში მდგომარეობის გასარკვევად BM.GE-მ ცხოველთა საკვების მწარმოებელი და რეალიზატორი კომპანია „ინვეტის“ ხელმძღვანელი დავით შალამბერიძეს მიმართა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ფერმერული მეურნეობები ძირითადად იმპორტირებულ პროდუქტს მოიხმარენ, შესაბამისად ხორბლის გაძვირებული იმპორტი პირდაპირ აისახება მათზე.

„მას შემდეგ რაც რუსეთში ხორბლის იმპორტისას მცურავი ბაჟი 70 დოლარამდე გაიზარდა მნიშვნელოვნად შეიცვალა გადამუშავებული პროდუქტის ღირებულება. იმპორტირებული პროდუქტის გაძვირება ადგილობრივ პროდუქტზე მომენტალურად მოქმედებს და შესაბამისად დღეისთვის სურსათი მნიშვნელოვანადაა გაძვირებული. ცხოველთა საკვების ღირებულება ივნისის შემდეგ დღეისთვის 30-40%-ით არის გაზრდილი“, - ამბობს დავით შალამბერიძე.

კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ „ინვეტი“ გაყიდვების მაჩვენებელს სარეალიზაციო პროდუქტის ასორტიმენტის გაზრდით ინარჩუნებს.

„ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად არ შეგვიმცირებია, მაგრამ იმპორტის ღირებულების ზრდა მომხმარებელზე აისახება. მაშინ როდესაც ბრუნვა უნდა გვეზრდებოდეს, ამ პერიოდში მცირე ოდენობით გვიმცირდება. ამის დაბალანსებას ასორტიმენტის გამრავალფეროვნების ხარჯზე ვცდილობთ“, - ამბობს შალამბერიძე.

მისი თქმით, მდგომარეობის გამოსწორებისთვის ქვეყნის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისება და მოსავლიანობის ზრდა მნიშვნელოვანია.

„გამოსავალი სწორ აგრარულ პოლიტიკაშია, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწების რაციონალურ გამოყენებაში გამოიხატება, იმისთვის რომ მიწა დაუმუშავებელი არ დარჩეს. დღეს საქართველოში მიწების 60-70% დაუმუშავებელია და რესურსი აუთვისებელია, შესაბამისად ნებისმიერი დარგი იმპორტირებულ პროდუქტზეა დამოკიდებული“, - ამბობს „ინვეტის“ ხელმძღვანელი.