მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დააფინანსებს თუ არა მთავრობა Georgian Airways-ს?- "ნათია თურნავამ უკვე გამოგვიგზავნა თანხმობა"

5e32a87f5f21f
ინგა მურუსიძე
30.01.20 14:35
2028
Georgian Airways-მა, შესაძლოა, მთავრობისგან თანადაფინანსება მიიღოს, - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკის მინისტრისგან, ნათია თურნავასგან უკვე მიღებულია თანხმობა და დაწყებულია მოლაპარაკებები, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების „ვიზეარის“ და „რაინეარის“ მსგავსად, მოხდეს Georgian Airways-ის ცალკეული რეისების დაფინანსება, მაგალითად ბრიუსელში და ა.შ.

„2020 წელი მაინც დადებითად დაიწყო, რადგან ჩვენი პერმიერ-მინისტრი იყო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პრობლემა ევროინტეგრაციის მიმართულებით დღეს არის, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია სახმელეთო საზღვარი ევროპასთან, ამის ალტერნატივა არის ეროვნული ავიაცია და და ჩვენი ფრენები ევროპის მიმართულებით. სწორედ ეს იყო მაშინდელი მთავრობის და ჩვენი კომპანიის ინიციატივა. გახარიას გზავნილს ვთარგმნით უბრალოდ დადებითად. ნათია თურნავამ უკვე გამოგვიგზავნა თანხმობა, დავიწყეთ მოლაპარაკება, რომ იგივე ფორმულით, იგივე ფორმატში, როგორც ეს ხდება „ვიზეარის“ და „რაინეარის“ შემთხვევაში, მოხდეს ჩვენი კომპანიის ცალკეული რეისების დაფინანსება, მაგალითად ბრიუსელში და ა.შ.“, - განაცხადა ბოკერიამ.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა ხომ არ გვაქვს საქმე იმასთან, რომ კომპანია დროთა განმავლობაში დისკომფორტშია კონკურენციის გამო? დღეს ახალი კონკრენტი „რაინეარია“, ასე იყო „ვიზეარის“ შემთხვევაში და ამ კუთხით რამდენად სწორია დაფინანსების მოთხოვნა მთავრობისგან?!

„როცა ხდება ქვეყნის ინტეგრაცია ევროპის მიმართულებით, ქვეყანა ემზადება და ხდება დარგების გადამზადება, დაფინანსება, რომ მოხდეს მათი სტანდარტების, ტექნიკური აღჭურვილობის მომზადება ევროინტერგარციისთვის, ჩვენს შემთხვევაში კი ფრენების ლიბერალიზაციისთვის. მაგრამ ჩვენი მომზადება არ მოხდა. ერთ მშვენიერ დღეს მოხდა ფერნების ლიბერალიზაცია და ჩვენ გვითხრეს, რომ თქვენი კონკურენტი არის ყველა ავიაკომპანია. პატარა ეროვნული კომპანია აღმოჩნდა გიგანტების წინაშე. შეიძლება ჩვენ სრული გარანტიები არ გვქონდა, თუმცა არ გვეგონა, რომ ახალი ავიაკომპანია შემოვიდოდა ბაზარზე ასეთ არაკონკურენტულ პირობებში. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ისინი გავიდნენ ბაზრიდან, უბრალოდ ვითხოვთ, რომ იგივე პრინციპით, იგივე ფორმულით მოხდეს თანადაფინანსება“, - განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება თანადაფინანსება მთავრობის მხრიდან, რამდენად გაიაფდება ბილეთების ღირებულება, ავიაკომპანიის დირექტორი ამბობს, რომ „თუკი თანადაფინანსება მოხდება, მცირებიუჯეტიან კომპანიებს გაუწევენ კონკურენციას“.

ამასთან, Georgian Airways-ის დირექტორი მიიჩნევს და მთავრობას სთხოვს, რომ განიხილოს აღნიშნული კომპანია, როგორც ეროვნული და ასახოს ის იმ სარეკლამო კამპანიებში, რომელსაც საქართველო სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარიზაციისთვის ხარჯავს.