მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დააკავეს ორი პირი, რომლებმაც გადასახადებისგან თავის არიდებით სახელმწიფოს ₾1 მლნ-ზე მეტი ზარალი მიაყენეს

631adb26a9744
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.22 10:28
11133
დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე დაკავებულია ორი პირი - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოიყვანეს მსუბუქი ავტომანქანები, საიდანაც შემდგომში, 46 ერთეული ავტომანქანა თითქოსდა რეექსპორტის მიზნით, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებებით, გადაფორმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ნაცვლად ავტომობილების ქვეყნიდან გაყვანისა, ბრალდებულების მიერ, სატრანსპორტო საშუალებები განბაჟების გარეშე დაშლილი და რეალიზებული იქნა ნაწილებად“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, იმავდროულად დადგენილ იქნა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებული სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა შესაბამისი სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, ხოლო მეორე ბრალდებული გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების მიზნით არ ახდენდა მიღებული შემოსავლების სრულ დეკლარირებას.

დადგენილია, რომ ბრალდებულების უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს ჯამში მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზიანი მიადგა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2, 185-ე მუხლის მე-3, 192-ე მუხლის პირველი და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებენ ღონისძიებებს ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით.