მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები - Eurowings-ი და OMAN AIR-ი საქართველოში ოპერირებას იწყებენ

60ba3a133d5d2
ინგა მურუსიძე
04.06.21 18:49
926
რამდენიმე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოში ფრენებს იწყებს. ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Eurowings შემოდის.

„გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს. GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ავიაგადამზიდველი ფრენებს დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. რეგულარული რეისები მიმდინარე წლის 4 ივლისიდან, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფი, 4 ივლისიდან ყოველ კვირას, ხოლო 21 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი) - ყოველ ოთხშაბათს და კვირას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა დღეს, მიმდინარე წლის 4 ივნისს მიენიჭა“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

გარდა ამისა, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს ავიაკომპანია OMAN AIR.

„მიმდინარე წლის 16 ივნისიდან, ომანის სახელმწიფო ავიაკომპანია OMAN AIR მასკატი - თბილისი - მასკატის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის კვირაში 2 სიხშირით, შემდეგი განრიგით შესრულდება:

· მასკატი - თბილისი - მასკატი, 16 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 2 ივნისს მიენიჭა. რეისები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ავიაკომპანია Bees Airline საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს ზრდის.

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ი, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ოპერირება მიმდინარე წლის 30 აპრილიდან დაიწყო, რეგულარულ რეისებს კიევი - ბათუმი - კიევის და ხერსონი - თბილისი - ხერსონის მიმართულებით შეასრულებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

კიევი - ბათუმი - კიევი, 9 ივნისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს, 13 ივნისიდან 24 ოქტომბრამდე - ყოველ კვირას, 11 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე - ყოველ პარასკევს და 14 ივნისიდან 27 სექტემბრამდე - ყოველ ორშაბათს;

ხერსონი - თბილისი - ხერსონი, 11 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე - ყოველ სამშაბათს და პარასკევს.

ამასთან Bees Airline-ი ამატებს კვირაში 2 სიხშირეს კიევი - თბილისი - კიევის მიმართულებით და ჯამში ავიაკომპანია ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ახალი მიმართულებებით და დამატებითი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 2 ივნისს მიენიჭა", - წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პრეს-რელიზში.

გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია SCAT Airlines ფრენებს აქტაუ - ბათუმი - აქტაუს მიმართულებით შეასრულებს.

„2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines-ი აქტაუდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განახორცილებს. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადი შესაბამისად, ფრენები კვირაში 3 სიხშირით, შემდეგი განრიგით შესრულდება:

· აქტაუ - ბათუმი - აქტაუ, 6 ივნისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა“, - განმარტავენ სააგენტოში და დასძენენ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.

„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - ამბობენ სააგენტოში.