მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაჩაგრული ინვესტორი“ - მოსახლეობა იპოდრომთან 25-სართულიანი კორპუსის აშენების წინააღმდეგია

6023df34b8fef
ინგა მურუსიძე
10.02.21 18:00
1661
თბილისში, ცინცაცის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილი ადგილზე 25 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ამ მიზნით, მოქალაქეები დღეს თბილისის მერიასთან მივიდნენ და დედაქალაქის მთავრობისგან რეაგირება ითხოვეს.

საქმე ეხება იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც კომპანია „აიკონია კაპიტალმა“ 25 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა დავით ნარმანიას მერობის დროს, 2016 წელს მიიღო, მაგრამ ამ დრომდე მოსახლეობის პროტესტის გამო, მშენებლობა ვერ დაიწყო. საუბარია, სავარაუდოდ, $10 მლნ ინვესტიციის განხორციელებაზე.

ბიზნეს-რეესტრის მიხედვით, შპს "აიკონია კაპიტალი" 2014 წელს დაარსებული კომპანიაა, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ამერიკელი სეტ ედვარდ ბლაი ჩარია.

როგორც ცინცაძის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ამბობს, თუ ადგილზე საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, მოსახლეობას თავიანთ ეზოებში მისასვლელი გზები ჩაეკეტებათ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას არ შეწყვეტენ. მათ დღეს თბილისის ვიცე-მერი შეხვდა.

ირაკლი ხმლაძე აცხადებს, რომ ინვესტორს მერიამ არაერთი ტერიტორია შესთავაზა ადგილმონაცვლეობისთვის, თუმცა ის ამაზე უარს ამბობს.

„ცინცაძის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა რამდენიმე წლის წინ არის გაცემული. ჩემთვისაც და ძალიან ბევრი ადამიანისთვისაც ეს საკითხი კარგად არის ცნობილი, რადგან არაერთი წელი მიმდინარეობდა სასამართლო დავა და უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც არსებობს. მერიას უზენაესმა სასამართლომ დაავალა ვადის აღდგენა გაცემულ ნებართვაზე. მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საკითხი ძალიან მტკივნეულია, ამიტომ შევეცადეთ ინვესტორი დაგვეყოლიებინა ტერიტორიის ადგილმონაცვლეობაზე, რამდენიმე მიწის ნაკვეთიც შევთავაზეთ, თუმცა კომპანიამ უარი განაცხადა. „აიკონია კაპიტალისგან“ წერილიც მივიღეთ, რომ მათთვის მონაცვლეობა მიუღებელია და სურთ სამშენებლო სამუშაო გააგრძელონ“, - განაცხადა ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვიცე-მერის განმარტებით, დედაქალაქის ხელმძღვანელობას არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს, რომ წინ აღუდგეს ამ მშენებლობას, მათ შორის არც ფინანსური, რომ ტერიტორია გამოისყიდოს, რადგან თბილისის ბიუჯეტს ამის რესურსი არ აქვს.

“მოსახლეობამ დღეს კიდევ ერთხელ გვთხოვა შუამდგომლობა კომპანიასთან და ჩავნიშნეთ შეხვედრა, რომ ადგილმონაცვლეობის საკითხი კიდევ ერთხელ განვიხილოთ. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია“, - ამბობს ვიცე-მერი.

bm.ge ეცდება ამერიკელ ინვესტორსაც დაუკავშირდეს და აღნიშნულ თემაზე მეტი დეტალი გაარკვიოს.