მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დაჩქარებული, მოუმზადებელი გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა ხდებოდეს”- რესან ქიქავა

640b5b0819d57
ანუკა ჯოხაძე
10.03.23 23:10
852
კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა და გადაწყვეტილებებმა საქართველოს ბიზნეს კლიმატი დააზარალა.

"ექსპო ჯორჯიას" დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები ინვესტორებს არასტაბილურობის განცდას უჩენს. რესან ქიქავა თვლის, რომ დაჩქარებული გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ უკან წაღება მანიშნებელია, რომ საკითხის შესწავლა და რისკების იდენტიფიცირება არ ხდება.

“როდესაც მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღება და ფორსირება ხდება, რა თქმა უნდა, ეს უკვე ბიზნესს რაღაც კითხვის ნიშანს უჩენს, რომ იქნებ მომავალშიც ასეთი რაღაც მოხდეს. ბიზნესისთვის, როცა შენ არ ხარ რომელიღაც კავშირის წევრი და ხარ ცალკე სახელმწიფო ვის უჯერებ, ვინ არის შენი მეგობარი, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როდესაც შენ არ უჯერებ მეგობრებს და მიდიხარ დინების საწინააღმდეგოდ ეს არასტაბილურობის შემქმნელი განცდაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არ ხდებოდეს დაჩქარებული, მოუმზადებელი გადაწყვეტილებების მიღება და მერე ამ გადაწყვეტილების უკან წაღება. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ მანამდე არ ხდება შესწავლა, რისკების განსაზღვრა. ეს აჩენს განცდას, რამდენად მდგრადია ზოგადად ეს ქვეყანა საინვესტიციოდ. ეს კითხვის ნიშნები არ გვჭირდება, რადგან გადარჩენისთვის ვიბრძვით, ამ ბრძოლაში ჩვენ შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს,” - ამბობს ექსპო ჯორჯიას დირექტორი.

ცნობისთვის:საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 7 მარტს პირველი მოსმენით "აგენტების შესახებ" ინიცირებულ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. 7-8 მარტს თბილისში პარლამენტის წინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლებიც სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით, მხუთავი აირით და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალეს. "აგენტების შესახებ" კანონპროექტების მიღების საკითხზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ნეგატიური შეფასებები გააკეთეს. 7 მარტს საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.

9 მარტს მმართველმა გუნდმა და მოძრაობა "ხალხის ძალამ" პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. 10 მარტს ჩანიშნულ პლენარულ სესიაზე კი პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭი უყარა და ოფიციალურად ჩააგდო.