მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაცულმა ტერიტორიებმა ეკოტურისტული სერვისებიდან 5 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს

61702aea26237
ვიქტორია მღებრიშვილი
21.10.21 10:15
561
დაცულმა ტერიტორიებმა 2021 წელს ვიზიტორთა მიღებით 4.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო - ამის შესახებ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 875 880 ლარი შეადგინა, რაც წინა - 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (845 430 ლარი) შედარებით 5.8-ჯერ არის გაზრდილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მასშტაბით მოქმედი დაცული ტერიტორიები, მიმდინარე წლის 26 მაისიდან ამოქმედდა. აღნიშნულ დრომდე ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ოპერირება, კოვიდის გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, შეჩერებული იყო. შესაბამისად, მაის-სექტემბერში 10-მა პარკმა და კანიონმა 0.5 მლნ ვიზიტორი მიიღო, რაც უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის 9 თვეში მიღებული ვიზიტორების თითქმის ნახევარია (2019 წლის 9 თვე 1 032 293 ვიზიტორი).

დაცული ტერიტორიების სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად, მომავალი წელი, ტურისტული თვალსაზრისით, აქტიური იქნება და საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს განახლებული სივრცეებითა და მრავალფეროვანი სერვისებით უმასპინძლებს. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ახალი პროექტების განხორციელება ვიზიტორების დაინტერესებას და მოზიდვას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს, აქედან გამომდინარე მომდევნო 10 წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას 8 მლნ-მდე ელიან.

სააგენტოში სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზეც საუბრობენ. მათი ცნობით, მომავალ წლებში დაგეგმილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი, დაახლოებით, 212 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 49 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებია.

„დღეისათვის, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული კერძო ინვესტიციების მოცულობა 142 მილიონ ლარს შეადგენს. დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს, რომ დაცული ტერიტორიების მიმართ კერძო ინვესტორების დაინტერესებამ კიდევ უფრო მოიმატოს. ამ ეტაპზე არსებული გეგმების მიხედვით, ინვესტიციები მინიმუმ 3-ჯერ გაიზრდება და 429 მლნ ლარს მიაღწევს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო დღესაც აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. პანდემიის მიუხედავად, გასულ და მიმდინარე წელს შეუჩერებლად მიმდინარეობდა მუშაობა ახალი ეკოტურისტული ობიქეტების შექმნაზე, შედეგად, გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტი - თეთრა მღვიმე, ნაწილობრივ გაიხსნა საქართველოში პირველი, მრავალფუნქციური ეკოტურისტული სივრცე წალკის კანიონი, სადაც მოგზაურობა ჩანჩქერამდე მიმავალ ახალ ბილიკზეა შესაძლებელი, ოკაცეს ჩანჩქერზე განახლდა 700 მეტრიანი ზიპ-ლაინი, მოეწყო ახალი ბილიკები, მათ შორის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში, სათაფლიაში.

დაცული ტერიტორიების დაარსება-განვითარება და დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის: სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო წლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტო განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება. დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში 28 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტები; დაინერგა და განვითარდა ახალი ეკოტურისტული მიმართულებები და სერვისები, შედეგად კი 2019 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ 1.2 მილიონ ვიზიტორს მიაღწია.