მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაგეგმილია 700 მგვტ სიმძლავრის აუქციონის გამოცხადება“ – I აუქციონის თარიღი ჯერ უცნობია

63d51bfd40338
თელარა გელანტია
28.01.23 17:10
1215
საქართველოს მთავრობა წელს 700 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების აშენებაზე აუქციონის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ირკვევა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა.

„შეხვედრაზე განიხილეს მსხვილი ენერგეტიკული პროექტები. ხაზი გაესვა ელექტროსადგურების მშენებლობისა და დამატებითი სიმძლავრეების შექმნის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ 2023 წელს ექსპლუატაციაში შევა 105 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურები, რაც ბოლო წლებში ამოქმედებული სიმძლავრის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. აღნიშნული ელექტროსადგურების საშუალო წლიური გამომუშავება 473 მეგავატ საათი იქნება, ინვესტიციის საერთო მოცულობა კი - 140.7 მლნ დოლარს შეადგენს. 2023 წელს ასევე დაგეგმილია 700 მეგავატი სიმძლავრის აუქციონის გამოცხადება“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

აღსანიშნია, რომ გავრცელებულ რელიზში არაა დაკონკრეტებული, როდის გამოცხადდება ენერგეტიკის მხარდამჭერი ე.წ. CFD მექანიზმის ფარგლებში პირველი აუქციონი.

ენერგეტიკაში 5-წლიანი უძრაობის შემდეგ, ბიზნესი განახლებადი ენერგიების მხარდამჭერი ახალი მექანიზმის ე.წ. CFD სქემის ფარგლებში პირველი აუქციონის გამოცხადების მოლოდინშია. როგორც ცნობილია, PPA ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, CFD მოდელში სახელმწიფო არ შევა ინვესტორებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. ამის ნაცვლად, CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით გაფორმდება და მასში საკუთარ ფასებს მთავრობას ინვესტორები წარუდგენენ, ხოლო საუკეთესო ფასების მქონე ობიექტები კი, შესაბამის დაფინანსებებს მიიღებენ.

ამ სქემით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება.

ენერგეტიკის სექტორი აუქციონის მოლოდინშია - რა შენიშვნები აქვს ბიზნესს CFD მექანიზმთან?