მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილება შედის

5e53d752b6ba5
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.20 18:17
2458
საქართველოს პარლამენტში შევიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად. 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში გაუქმდება ჩანაწერი, რომელიც გამონაკლისების გარეშე, ზღუდავს საპენსიო აქტივების ინვესტირებას სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში და მათზე გასხვისების შეზღუდვას.

"გაიზრდება იმ პოტენციური საინვესტიციო ინსტრუმენტების არეალი, რომლებში ინვესტირებაც შეეძლება საპენსიო სააგენტოს ან აქტივების მმართველ კომპანიას და ასევე ხელი შეეწყობა ბაზრის ლიკვიდურობის ზრდას," - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში განმარტებითი ბარათის მიხედვით: 

"კანონპროექტით, ცვლილება შედის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-20 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში, რომელთა საფუძველზეც ამჟამად აკრძალულია საპენსიო აქტივების ინვესტირება საპენსიო სააგენტოსათვის მომსახურების გამწევი სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ან/და მათ ქონებაში. მაგალითისათვის, კანონის მოქმედი რედაქციით, საპენსიო სააგენტო საპენსიო სქემის სახელით ვერ შეიძენს ობლიგაციებს ან აქციებს, თუკი ამ ობლიგაციების ან აქციების ემიტენტი სპეციალიზებული დეპოზიტარი ან მასთან აფილირებული პირია. აგრეთვე, საპენსიო სააგენტო ვერ შეიძენს ფასიან ქაღალდებს ვერც იმ შემთხვევაში, როდესაც მათი მფლობელი სპეციალიზებული დეპოზიტარი ან მასთან აფილირებული პირია, იმის მიუხედავად, თუ ვინ არის აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ემიტენტი.

კანონპროექტის საფუძველზე, აღნიშნული აკრძალვები გაუქმდება და საპენსიო სააგენტოს შეეძლება განახორციელოს საპენსიო აქტივების ინვესტირება სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ან/და ქონებაში საერთო წესების საფუძველზე, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ცვლილება შედის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის 24-ე პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებში, რომელთა საფუძველზეც ამჟამად აკრძალულია საპენსიო აქტივების გასხვისება საპენსიო სააგენტოსათვის მომსახურების გამწევ სპეციალიზებულ დეპოზიტარზე ან მასთან აფილირებულ პირზე. მაგალითისათვის, აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს არ შეუძლია, საპენსიო სქემის სახელით განხორციელებული ინვესტიციის ამოღების მიზნით, გაასხვისოს შეძენილი ობლიგაცია ან აქცია სპეციალიზებულ დეპოზიტარზე ან მასთან აფილირებულ პირზე და ამ გზით დახუროს საინვესტიციო პოზიცია.

საინვესტიციო პოზიციის დახურვა შეიძლება საჭირო გახდეს, მათ შორის, თუკი აუცილებელი გახდა ფულადი სახსრების მობილიზება სქემის მონაწილეთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებისათვის ან თუკი, შექმნილი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე, განხორციელებული ინვესტიციის სხვა ინვესტიციით ჩანაცვლება მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული. კანონის 26-ე მუხლს ემატება ახალი, 51 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება სპეციალიზებული დეპოზიტარის ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი წესი.

აღნიშნული წესის თანახმად, სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება განახორციელოს დაგროვებით საპენსიო სქემასთან, საპენსიო სააგენტოსთან ან/და აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით იმგვარი საქმიანობა, რომლებმაც შეიძლება წარმოქმნას ინტერესთა კონფლიქტი დაგროვებით საპენსიო სქემას, საპენსიო სააგენტოს, აქტივების მმართველ კომპანიასა და თავად სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის. ეს წესი არ ვრცელდება, თუკი სპეციალიზებულ დეპოზიტარს ფუნქციურად და იერარქიულად აქვს გამიჯნული დეპოზიტარული მომსახურების გაწევის ფუნქცია პოტენციურად კონფლიქტის წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ არის იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული.

ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობ საქმიანობად ჩაითვლება სპეციალიზებული დეპოზიტარის იმგვარი საქმიანობა, რომლის მიზეზითაც საპენსიო სქემის ან/და საპენსიო სააგენტოს/აქტივების მმართველი კომპანიის ინტერესებს უპირისპირდება თავად სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის ინტერესები, მაგალითად: სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ სხვა კლიენტის დავალებით ან საკუთარი ინიციატივით იმ კლასის ფასიანი ქაღალდების შესყიდვა, რომლებშიც ინვესტიციას ახორციელებს აგრეთვე დაგროვებითი საპენსიო სქემა, ასევე აღნიშნული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, თუკი, შექმნილი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე, საპენსიო სააგენტო გადაწყვეტს საპენსიო სქემის მფლობელობაში არსებული იმავე კლასის ფასიანი ქაღალდების გაყიდვას; სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ რაიმე სახის ფინანსური სარგებლის (მომსახურების საფასური, საკომისიო და სხვ.) მიღება იმ პირისგან, რომლის ინტერესებიც უპირისპირდება დაგროვებითი საპენსიო სქემის, საპენსიო სააგენტოს ან აქტივების მმართველი კომპანიის ინტერესებს.

ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი, სპეციალიზებულ დეპოზიტარს დაეკისრება ვალდებულება, ფუნქციურად და იერარქიულად ჰქონდეს გამიჯნული დეპოზიტარული მომსახურების გაწევის ფუნქცია პოტენციურად კონფლიქტის წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ იყოს იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული,"- ნათქვამია დოკუმენტში.