მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგვიანებული ხელფასები და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა - რა პრობლემებია მუნიციპალურ პოლიკლინიკებში?

60dd87d2f3bf8
BM.GE
01.07.21 14:04
692
თბილისის მერმა კახა კალაძემ გასული წლის ივლისში მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონის გამოცხადება დააანონსა და შესაბამისი დავალება ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს მისცა. ამ განცხადებიდან 1 წლის შემდეგ თბილისის ვიცე-მერი ამბობს, რომ საკითხზე კონსულტაციები ისევ მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისში 10-მდე მუნიციპალური პოლიკლინიკაა, რომლის პრივატიზებასაც სახელმწიფო განიხილავს.

ჯანდაცვის სპეციალისტები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ემხრობიან, რადგან იმ სახელმწიფო კლინიკების შემთხვევაში, რომელთა პრივატიზებაც წლების წინ მოხდა, სამედიცინო დაწესებულებების მართვა და პაციენტების მომსახურება გაუმჯობესდა.

ინიციატივას ემხრობა ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ დღეს მუნიციპალურ კლინიკებში მძიმე მდგომარეობაა - როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ისე სამედიცინო აპარატურის ნაწილში. ის ჩვენთან საუბარში იმასაც ამბობს, რომ ხშირად პერსონალს ანაზღაურებასაც უგვიანებენ.

“დღეს არსებული მუნიციპალური პოლიკლინიკები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე - აპარატურის ნაწილში. ასევე, როგორც ჩემთვის ცნობილია, რომ დროულად ვერ ხერხდება ხელფასების გასტუმრება. თავისთავად ცხადია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაწვდეს ამ კლინიკების შენახვას და ფუნქციონირებას, ამიტომ ძალიან სწორია, როცა მუნიციპალიტეტი აპირებს, თავის მფლობელობაში არსებული კლინიკების გასხვისებას“, - აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი.

ამასთან, მართალია, ნინო მირზიკაშვილი თბილისის მერიის ინიციატივას დადებითად აფასებს, მაგრამ იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ეწინააღმდეგება ცენტრალური მთავრობის იმ პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებას გულისხმობს.

“მეორე მხრივ, ეს პროცესი წინააღმდეგობაში მოდის რამდენიმე დღის წინ პრემიერის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებასთან. ვგულისხმობ განვითარების 10-წლიანი გეგმის კონტექსტში გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მთავრობის მიზანია, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერება და ამ მიმართულებით ფინანსების მიმართვა", - აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი ნინო მირზიკაშვილი.