მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეუძლებელი სამეული“ - სებ-ის პრეზიდენტის ბლოგპოსტი ფასების სტაბილურობის შესახებ

60b0b5941dcc9
ვიქტორია მღებრიშვილი
28.05.21 13:45
1235
მუშაობს თუ არა ერთდროულად ფიქსირებული გაცვლითი კურსი, დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა და კაპიტალის თავისუფალი მობილობა - აღნიშნულ თემაზე საქართველოს ეროვნული ბანკი კობა გვენეტაძის ბლოგპოსტს აქვეყნებს.

გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის ბლოგპოსტი "შეუძლებელი სამეულის" თემაზე.

"შეუძლებელი სამეულის" იგივე „ტრიმლემის“ თემაზე გამოქვეყნებულ სტატიაში დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის სარგებელზეა საუბარი, რომელსაც ქვეყნები მაკროეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად ინფლაციის თარგეთირების პირობებში იღებენ.

„საგარეო შოკები განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ისეთი მცირე ღია ეკონომიკებისათვის, როგორიც საქართველოა. ეს გარემოება COVID-19-ის პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ დადასტურდა - საგარეო მოთხოვნის შემცირება, განსაკუთრებით ტურისტულ ინდუსტრიაში, და განვითარებადი ქვეყნების მიმართ რისკის აღქმის ზრდა ფინანსური ნაკადების შემოდინებაზე უარყოფითად აისახა. ამან, თავის მხრივ, გავლენა გაცვლით კურსსა და ინფლაციაზეც იქონია.

სტატიის თანახმად, გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის გამო გააქტიურებული დისკუსიის პირობებში, აუცილებელია დავფიქრდეთ, თუ რამდენად დასაბუთებულია მსგავს შემთხვევებში გარკვეულწილად პოპულარული მოსაზრება, რომ ფასების სტაბილურობის მიღწევა უფრო ადვილი იქნებოდა ეროვნული ბანკის მიერ გაცვლითი კურსის დაფიქსირების ან ლარის რომელიმე სხვა ვალუტით ჩანაცვლების პირობებში.

გამოჩენილ კანადელ ეკონომისტ რობერტ მანდელს, ბრიტანელ კოლეგა მარკუს ფლემინგთან ერთად, ფუნდამენტური წვლილი მიუძღვის ამ დებატებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხის კონცეპტუალიზაციაში. პროფესორი მანდელი, რომელმაც აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული კვლევებისთვის ნობელის პრემიაც კი მიიღო, ახლახან გარდაიცვალა და მისი მნიშვნელოვანი წვლილის კიდევ ერთხელ განხილვა დღეს უფრო მეტ აქტუალობას იძენს. მარკუს ფლემინგთან ერთად, მის მიერ პოპულარიზებული საკითხი "შეუძლებელი სამეულის" სახელითაა ცნობილი, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთდროულად შეუძლებელია დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის, ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის შენარჩუნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კურსის ფიქსირება დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუკი კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა არ შეიზღუდება“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სტატიაში ვრცლად არის განხილული ყველა ის უპირატესობა და გამოწვევა, რაც დამოუკიდებელ მონეტარულ პოლიტიკას მცურავი გაცვლითი კურსისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის პირობებში შეიძლება გააჩნდეს. სტატიის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბლოგზე.