მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაიწყება თუ არა საქართველოში COVID-ის "მეშვიდე ტალღა"?

6231870f7d894
თათია ჩაფიჩაძე
16.03.22 11:12
890
"ქვეყანაში COVID-ის "მეექვსე ტალღა" მთავრდება, თუმცა ათასობით ახალი შემთხვევის და მსოფლიოში ახალი შტამების გაჩენის ფონზე, პანდემიის დასრულებაზე საუბარი ჯერ ისევ ადრეა", - ეს განცხადება BMG-სთან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა.

ის განმარტავს, რომ პოზიტიური მაჩვენებლების მიუხედავად, ქვეყანაში პანდემია ვერ კონტროლდება.

„ჩვენ დღეს ვართ პანდემიის მეექვსე ტალღის დასასრულ სტადიაზე, თუმცა მნიშვნელოვანია რამდენი იქნება ინფიცირების მაჩვენებელი მომდევნო დღეების და კვირების განმავლობაში, ეს მიგვითითებს ქვეყანაში დარჩენილ რისკებზე.

ინფიცირების 1500-ზე მეტი შემთხვევა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მაინც ხაზგასასმელია. ათასობით ინფიცირებული მიუთითებს იმაზე, რომ ჯერ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემია სრულად კონტროლდება. ასევე მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებლები. სხვა პარამეტრები, როგორიც არის მაგალითად, აქტიური შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი, შემცირებულია, თავისუფალი საწოლების რაოდენობა გაზრდილია, ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მძიმე პერიოდმა გადაიარა.

თუმცა ჩვენ გვინდა, რომ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ის ფარგლებში იყოს, დღიური შემთხვევები კი - 1000-ზე დაბლა. სტაბილურ მაჩვენებლებზე შეიძლება გავიდეთ მომდევნო 20 დღის განმავლობაში, თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება გამოჩნდეს ახალი მუტაცია. ამის ალბათობა ჯერ კიდევ მაღალია, რადგან მსოფლიოში ძალიან ბევრია ისეთი ქვეყნა, სადაც აუცრელი მოქალაქეების რიცხვი დიდია.

პანდემიის დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია; 12 მარტს გერმანიაში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2-წლიან პერიოდში, გერმანიისთვის რეალური ინფიცირება სულ ერთი კვირის წინ დაიწყო. ასეთივე მდგომარეობაა სამხრეთ-კორეაში, ჰონგ-კონგში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებში მრავალრიცხოვანი მოსახლეობაა, ამიტომ ამ პიკური მაჩვენებლების ფონზე ძალიან ადრეა პანდემიის დასრულებაზე საუბარი", - განაცხადა ჩხაიძემ.

ამ დროისთვის ბოლო ახალი შტამი დელტამიკრონია, რომლის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია იანვარში გავრცელდა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მისი არსებობა წინა კვირას დაადასტურა და განმარტა, რომ ის დელტასა და ომიკრონის ჰიბრიდულ ვარიანტს წარმოადგენს.

დღეისათვის ვირუსი მსოფლიოს 5 ქვეყანაშია გავრცელებული და სულ 50-მდე ადამიანია ინფიცირებული, მათგან ყველაზე მეტი - 33 საფრანგეთში დაინფიცირდა, 2 - აშშ-ში.

იმის გათვალისწინებით, რომ დელტამიკრონი ახალია და ადამიანებზე დაკვირვების საშუალება ჯერ არ არსებობს, მასზე ვარაუდები მხოლოდ ლაბორატორიული კვლევების შედეგებით კეთდება. გაშიფრული სტრუქტურის მიხედვით მას აქვს „ომიკრონის“ სპაიკ ცილა ანუ ის ნაწილი, რომელიც გავრცელების სიჩქარეზეა პასუხისმგებელი; სტრუქტურული, ძირითადი ცილები კი „დელტასგან“ აქვს აღებული, რის საფუძველზეც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ შტამს შესაძლოა ჰქონდეს „ომიკრონის“ გავრცელების სიჩქარე და "დელტა" შტამით ინფიცირების მიმდინარეობის სიმძიმე.