მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაიწყო თუ არა სვანეთის გამრიცხველიანება? - მინისტრის განცხადება და "ენერგო პროს" განმარტება

604787bdabf56
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.21 19:02
1304
სვანეთის მაცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან, რისი მიზეზიც არის ფაქტი, რომ ამ დრომდე სვანეთის სრული გამრიცხველიანება არ მომხდარა. თავად უფასო ელექტროენერგია ელექტროენერგიის დატაცების და კრიპტომაინინგის ხელშემწყობი ფაქტორია. 

დღეს პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სვანეთში ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების მაინინგის პრევენციისთვის კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიამ" გამრიცხველიანების პროცესი დაიწყო. მინისტრის თქმით, გამრიცხველიანების შედეგად “ეს პრობლემა აღმოიფხვრება.”

“რაც შეეხება შეკითხვას მესტიასთან და სვანეთთან დაკავშირებით, იქ იყო აღურიცხავი მაინინგი თავად მოსახლეობაში. ჩვენი ერთობლივი მუშაობით კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიასთან” და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად შედგა ძალიან კარგი გეგმა -  დაიწყო გამრიცხველიანება და ეს პრობლემა აღმოიფხვრება", - განაცხადა მინისტრმა.

სვანეთის გამრიცხველიანების საკითხთან დაკავშირებით BMG თავად “ენერგო პრო ჯორჯიასაც” დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ნათია თურნავას განცხადება “გამრიცხველიანების პროცესის” შესახებ მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას არ გულისხმობს. საუბარია უშუალოდ მათ ქსელში არსებული ტრანსფორმატორებისთვის მრიცხველების დამონტაჟებაზე, რათა კომპანიამ ელექტროენერგიის დატაცების პრევენცია/მონიტორინგი მოახდინოს. "ენერგო პრო ჯორჯიას" პრესსამსახურის უფროსის, ავთო დვალიშვილის განმარტებით, ამ პროცესს "საბალანსო გამრიცხველიანება" ეწოდება. 

“საუბარია საბალანსო ელექტროენერგიის აღრიცხვაზე და არა ინდივიდუალური მრიცხველების დაყენებაზე. სვანეთის რაიონის 3 თემში, დაახლოებით, 30 ტრანსფორმატორზე საბალანსო მრიცხველი უკვე დაიდგა. განვსაზღვრავთ ამ ტრანსფორმატორზე მიერთებული აბონენტები რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარენ და თუ გაიზარდა მოხმარება, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ მაინინგი მიმდინარეობს.

დავუშვათ 20 აბონენტი არის ერთ ტრანსფორმატორზე მიერთებული, ამ ტრანსფორმატორზე დაიდგა მრიცხველი. საშუალოდ ამ 20-მა აბონენტმა უნდა მოიხმაროს რაღაც განსაზღვრული მოცულობის ელექტროენერგია და თუ დავინახეთ, რომ მოხმარება გაიზარდა ან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, ეს ნიშნავს, რომ აქ ხდება დატაცება.

ეს პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ დენის დატაცების პრობლემა აღმოიფხვრას,” - განმარტავს ავთო დვალიშვილი.

კითხვაზე - იგეგმება თუ არა რეგიონში ინდივიდუალური მრიცხველების დაყენება და მოსახლეობის მიერ მოხმარებული დენის საფასურის აკრეფა, “ენერგო პროში” აცხადებენ, რომ ეს კომპლექსურ საკითხს წარმოადგენს და მის გადაწყვეტას მთავრობის, სემეკისა და თვითმმართველობის ჩართულობა ესაჭიროება.

იანვარში სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ BMG-ისთან განაცხადა, რომ სვანეთში გამრიცხველიანების არარსებობის პირობებში "ენერგო პრო ჯორჯია" წელიწადში 13-14 მილიონი ლარის ზარალს განიცდის. სვანეთში კრიპტოვალუტების მოპოვებისგან გამოწვეული ზარალი არამხოლოდ გაფლანგულ ელექტროენერგიაში, არამედ გაზრდილი მოხმარების გამო, ენერგო ინფრასტრუქტურის - ტრანსფორმატორების და გადამცემი ხაზების გაზრდილ ცვეთაში მდგომარეობს.