მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაჯარიმდებიან თუ არა მეოთხე კატეგორიის კომპანიები 1 ოქტომბრიდან? - განმარტება

5d8ccdb18300b
ლიკა გურაბანიძე
26.09.19 22:00
10426
ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მეოთხე კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენა 2 წლით გადაუვადდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ფინანსთა მინისტრმა მედიასთან განაცხადა, რომ მთავრობამ მხარი დაუჭირა ინიციატივას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე. ამ კანონის მიხედვით, 1-ლი ოქტომბრისთვის საქართველოში ყველა კომპანიას ევალებოდა, რომ გასული წლის ანგარიშგება იმ სტანდარტით წარედგინა, რომელიც უკვე დაწესებულია.

მინისტრის განმარტებით, ამ სტანდარტებით წარდგენას კომპანიები ვერ ასწრებდნენ, ამიტომ გადავადება გადაწყდა. ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ მაჭავარიანს არ დაუზუსტებია ცვლილება ძალაში როდის შევა.

მე-4 კატეგორიის საწარმოები არიან ის მიკრო საწარმოები, რომელთა ბრუნვა წელიწადში არის 2 მლნ ლარამდე.

ფინანსთა მინისტრის თქმითვე, 15 ათასამდე კომპანიას უკვე წარდგენილი ჰქონდა ანგარიშგება. მაჭავარიანი იმედს გამოთქვამს, რომ 2 წელში დანარჩენი კომპანიები დაეწევიან ახალ სტანდარტებს.

გადაცემაში „საქმის კურსი“ აღნიშნულ საკითხზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ ისაუბრა, როგორც ის აღნიშნავს, მთავრობამ გადაწყვეტილება დღეს მიიღო და ის უკვე პარლამენტს წარედგინა, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ ვადის გადაწევის პროცედურა გამარტივებულია, კანონპროექტი მხოლოდ ერთ მოსმენას საჭიროებს და შესაბამისად, ის ძალაში სწრაფად შევა.

ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, მიუხედავად პროცედურის სიმარტივისა, შესაძლებელია პირველ ოქტომბრამდე ამ გადაწყვეტილების მიღება ვერ მოესწროს და ამ შემთხვევაში კანონს უკუქცევითი ძალა მიეცემა.

„იმ შემთხვევაში თუ პირველ ოქტომბრამდე ამ გადაწყვეტილების მიღება ვერ მოესწრება არცერთი მე-4 კატეგორიის კომპანიაზე დაჯარიმების არანაირი მექანიზმი არ იქნება გამოყენებული და კანონს მიეცემა უკუქცევითი ძალა, ამის შესახებ შესაბამისი უწყებები ინფორმირებულები არიან, თუმცა ეს მხოლოდ მე-4 კატეგორიის საწარმოებს ეხება.

აღნიშნული დოკუმენტი კანონში ცვლილებების პროექტის სახით უკვე არის. ის პარლამენტს წარედგინება და ჩვენ შევეცდებით, რომ აღნიშნული დოკუმენტი ასევე უზრუნველყოფილი გავხადოთ ფინანსთა და ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის ვებგვერდებზე,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა მათ შორის კომპანიებთან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიდის.

„როდესაც კომპანიებს აღნიშნული ვალდებულება მიუახლოვდათ ჩვენთან ამ თემაზე დისკუსიაში უფრო გააქტიურდნენ და მათგან შემოთავაზებები უფრო აქტიურად წამოვიდა. ძალიან ბევრმა კომპანიამ უკვე აღნიშული ანგარიშგება წარმოადგინა. ვთვლი, რომ მოწესრიგებული ბუღალტერია და აღრიცხვიანობა ზედმეტი თანხა არ არის.“ - ანიშნა მინისტრის მოადგილემ.