13.მაისი .2022 09:45

„დაჯარიმებულები, ძირითადად, რუსთავის კლასტერის კომპანიები არიან“ - გარემოსდაცვითი რეგულაციის 1 წელი

„დაჯარიმებულები, ძირითადად, რუსთავის კლასტერის კომპანიები არიან“ - გარემოსდაცვითი რეგულაციის 1 წელი
views 738
უკან

გარემოსდაცვითი რეგულაცია, რომელიც გასული წლის 1 ივნისიდან შევიდა ძალაში, 100-მდე სამრეწველო საწარმოს ეხება. ცვლილებების თანახმად, ბიზნესს სპეციალური დანადგარებისა და აღჭურვილობის შეძენის ვალდებულება გაუჩნდა, რაც გარკვეულ ფინანსებს და დროს საჭიროებდა. კერძო სექტორმა არაერთხელ სთხოვა გარემოს დაცვის სამინისტროს დამატებითი დრო მიეცათ, თუმცა ამ კომპრომისზე მთავრობა მაშინ არ წავიდა. შედეგად კანონის ძალაში შესვლიდან მხოლოდ 8 თვის განმავლობაში 10 000 ლარით 50 საწარმო დაჯარიმდა.

მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის მიღწეული შეთანხმებით არბიტრი სასამართლოა და ადმინისტრაციული ორგანოს ნაცვლად სწორედ ეს რგოლი წყვეტს, ვის მოუწევს და ვის არა საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა. როგორც ჩვენთან საუბარში საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, სასამართლოს მხრიდან არაერთგვაროვანი პრაქტიკა გამოიკვეთა, როცა დაჯარიმების გადაწყვეტილება ყველა კანონდამრღვევი საწარმოს შემთხვევაში არ იქნა მიღებული.

„ჩვენ ინფორმაცია გვაქვს მსხვილ კომპანიებზე. მსხვილ კომპანიებში ჩვენ ვგულისხმობთ ისეთ კომპანიებს, როგორიცაა "ჰაიდელბერგი", "რუსთავის აზოტი", "ჯეოსტილი" და ა.შ. დაახლოებით არის 6-7 კომპანია, რომელთანაც ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს.

საერთო ჯამში, 100 კომპანიამდეა, ვისაც ეხება ეს ნორმა, თუმცა გამოიყო ე.წ. რუსთავის კლასტერი, სადაც საზოგადოებრივი აზრი განსხვავებულია და სასამართლო პრაქტიკაც განსხვავებული აღმოჩნდა; დამოკიდებულებაც განსხვავებული აღმოჩნდა. შესაბამისად, დაჯარიმებული კომპანიები ძირითადად არიან რუსთავის კლასტერის კომპანიები. სასამართლოში ჩვენ გვქონდა არაერთგვაროვანი პრაქტიკა, როცა ერთ ქალაქში აჯარიმებენ და მეორეში გაფრთხილებას აძლევენ.

პრობლემა აღმოჩნდა ის, რომ ტექნიკური დავალება იყო მოსამზადებელი, ამისთვის ტენდერი იყო გამოსაცხადებელი, ამ ტექნიკური დავალების შემდეგ აუცილებელია გაატენდერო და მიმწოდებელი ნახო და ა.შ

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ წლის ბოლომდე ეს პრობლემა აღარ იარსებებს, თუმცა ის, რომ კომპანიები კანონდამრღვევები არიან ფაქტია, მაგრამ მეორეს მხრივ აღსრულების მექანიზმზე თუ მივალთ, მაშინ ყველა კომპანია უნდა გავაჩეროთ, ამიტომ აქ ალბათ გონივრული კომპრომისი ვნახოთ. კომპრომისი მდგომარეობს შემდეგში - კომპანიები აცნობიერებენ იმას, რომ ეს არის გასაკეთებელი, ამაში ინვესტიციას ახორციელებენ, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რომ ამას სჭირდება დრო და მეორე მხრივ, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ძალიან აქტიურია ამ კუთხით, იმასაც უნდა ხვდებოდნენ, რომ სამწუხაროდ, ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს და ერთ დღეში ვერაფერს გავაჩენთ უცებ. ამას სჭირდება დრო და კომპრომისი, რომ დისკუსიაში კომპანიებმა დაადასტურონ, რომ პროცესი მიდის და ამ ლოგიკურ დასასრულს წლის ბოლოს ჩვენ დავინახავთ“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა