05.ოქტომბერი .2022 14:01

დამაბნეველია ხელისუფლების მესიჯები მათთან თანამშრომლობაზე - დეგნანი “ოცნებიდან” წასულებზე

დამაბნეველია ხელისუფლების მესიჯები მათთან თანამშრომლობაზე - დეგნანი “ოცნებიდან” წასულებზე
views 429
უკან

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, დამაბნეველია ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული მესიჯები “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების მიერ შექმნილი პარტიის, “ხალხის ძალის” შესახებ.

“ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რაც ხდება. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ დამაბნეველია ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული მესიჯი მათთან თანამშრომლობაზე, ვინც, როგორც ჩანს, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი და სხვები საუბრობენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

მე მირჩევნია ფაქტებით და სიმართლით ვიხელმძღვანელო, ვიცით, რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და კონსპირაციაა ჩვენ გარშემო. თუმცა სიმართლე ისაა, რომ აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად უჭერს მხარს და ეხმარება საქართველოს განვითარებაში. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტი, ეკონომიკა, სამუშაო ადგილების შექმნა. ასევე ვიტყოდი, აშშ-ს და საქართველოს სხვა მეგობრებს წვლილი აქვთ შეტანილი იმ კარგ ეკონომიკურ მაჩვენებლებში, რომლებსაც ახლა ვხედავთ,”- განაცხადა კელი დეგნანმა.

გუშინ მოძრაობა „ხალხის ძალას“ პარლამენტში კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა. როგორც მოძრაობის ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, მათ გუნდს შეუერთდნენ ვიქტორ ჯაფარიძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.

გუშინვე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, ხოლო “ხალხის ძალასთან” პარტნიორობას გეგმავენ.