მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამატებით დარიცხული ელექტროენერგიის გადასახადების დაკორექტირება დაიწყო - ენერგოომბუდსმენი

62079952f2654
ინგა მურუსიძე
13.02.22 00:23
2193
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ დამატებით დარიცხული ელექტროენერგიის გადასახადების დაკორექტირება უკვე დაიწყო.

როგორც ვარდიაშვილმა განმარტა, გადასახადების დიდი ნაწილი დაკორექტირდება. „ძალიან დიდი ნაწილი გადასახადების იქნება დაკორექტირებული. დაკორექტირება უკვე დაწყებულია. რამდენიმე კვირის წინ დავიწყე ამ საქმის შესწავლა, როცა მომხმარებელმა მომმართა საჩივრებით. მე გავგზავნე წერილები კომპანიაში ახსნა-განმარტების მისაღებად და ამ წერილების პასუხად, დაკორექტირება არის დაწყებული. შესაძლოა ერთ თვეში მივიღოთ სრულად დაკორექტირებული თანხები, მაგრამ შეიძლება კომისიამ იმუშაოს იმ კუთხით, რომ გამოავლინოს ის ძირითადი ხარვეზები, რაც ამ შეცდომების გამოსწორებას აიძულებს კომპანიას“, - განაცხადა სალომე სალომე ვარდიაშვილმა.

მომხმარებელთა ნაწილი ირწმუნება, რომ იანვარში ელექტროენერგიის გაორმაგებული გადასახადი მოუვიდა. მაღალი მიმართვიანობის გამო, სემეკმა „თელასის“ და „თელმიკოს“ საქმიანობის შესწავლა დაიწყო.

„კომისია მუშაობს აქტიურად, დღეისთვის მაქვს უკვე უწყვეტი ინფორმაცია კომისიიდან, რომ მათ მიიღეს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რაც აუცილებელია შემოწმებისთვის, კომპანია თანამშრომლობს და აბსოლუტურად ხელს უწყობს სპეციალური კომისიის მუშაობას. პირიქით, „თელმიკო“ დაინტერესებულია, რომ გამოავლინოს ყველა შესაბამისი დარღვევა, თუკი ასეთი არსებობს. მე ვთვლი, რომ კომისიის მხრიდან მუშაობის პირველი სამუშაო კვირა ნაყოფიერი იყო. კომისიის წევრები პირადად დაუკავშირდნენ აბონენტებს და გაარკვიეს, შეიცვალა თუ არა რაიმე მათ ოჯახებში, დანადგარები და ა.შ. საჩივარი საკმაოდ ბევრია“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, კომპანიასთან იყო კომუნიკაცია და ითქვა, რომ შესაძლოა, პრობლემა ადამიანური რესურსის ნაკლებობა იყოს.

გარდა ამისა, სალომე ვარდიაშვილის განმარტებით, შემოწმდება ყველა აბონენტი, იმის მიუხედავად, მიმართა თუ არა მან სემეკს, ან რომელიმე კომპანიას საჩივრით.